ლანდსკნეხტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლანდსკნეხტები

ლანდსკნეტხები (გერმ. Landsknechte [ˈlantsknɛçt] — „მიწის მსახურები“) — გერმანულენოვანი დაქირავებული მეომრები გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში. ლანდსკნეხტთა რაზმები შედგებოდა შუბოსნების, მათი დამხმარე ფეხოსნებისა და წინა რიგებში მდგომი დოპელსოლდნერებისგან (სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ორმაგი გასამრჯელო“). ამ უკანასკნელთა შეიარაღებაში საორხელო ხმალი (გერმ. Zweihänder) ან არკებუზი იყო და წინა რიგებში ნებაყოფლობით დგომისთვის, რომელიც სიკვდილის მეტ რისკს შეიცავდა, ორმაგ თანხას იღებდნენ. ლანდსკნეხტები შეადგენდნენ საღვთო რომის იმპერიის ძირითად სამხედრო ძალას გვიანი მეთხუთმეტე საუკუნიდან მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისამდე.

ლანდსკნეხტების ბრძოლის სტილი და შეიარაღება ეფუძნებოდა შვეიცარიელი შუბოსნების მიერ დანერგილ მეთოდებს, რომლებიც ბურგუნდიელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს შვეიცარიის კონფედერაციასთან ომებისას. ლანდსკნეხტების ფორმირება დაიწყო მაქსიმილიან I-მა, როდესაც მან 1486 წელს 6 000–8 000 დაქირავებული მეომარი შეკრიბა და ისინი გასაწვრთნელად ჰოენცოლერნის გრაფს გაუგზავნა. 1487 წელს გრაფმა მეომრები ბრიუგეში შვეიცარიელ ინსტრუქტორებს გააწვრთნევინა. ამ გაწვრთნილ ჯარს „შავი დაცვა“ ეწოდა და სწორედ ისინი მიიჩნევიან პირველ ლანდსკნეხტებად.

თავდაპირველად ლანდსკნეხტები სხვადასხვა ეროვნების შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, თუმცა მოგვიანებით სხვადასხვა მიზეზების გამო მაქსიმილიან I ცდილობდა, ლანდსკნეხტთა რიგები თითქმის ყოველთვის ეთნიკური გერმანელებისგან დაკომპლექტებულიყო. რეკრუტების გაწვევა ძირითადად ხდებოდა შვაბიიდან, ელზასიდან, ფლანდრიიდან და რაინლანდიდან.

ლანდსკნეხტთა საბრძოლო წყობა შვეიცარიელებისგან იყო გადმოღებული. ბრძოლის ველზე ისინი კვადრატულ ფორმირებად ეწყობოდნენ, რომელიც ორმოციდან სამოცამდე რიგად ლაგდებოდა. პირველ ორ ხაზს შედარებით მძიმედ შეჯავშნული დოპელსოლდნერები ავსებდნენ, მათ შემდეგ იყვნენ მედროშეები, შემდეგ კი კვადრატული წყობაში მყოფი დანარჩენი ლანდსკნეხტები იდგნენ. კვადრატს ქმნიდნენ შუბოსნები და მათი დამხმარე მეალებარდეები. კვადრატის წინ და ზურგში ეწყობოდნენ მახვილოსნები, მეარკებუზეები იკავებნდნენ ფლანგებს. ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები ფორმაციის ბოლოში დგებოდნენ.

ლანდსკნეხტთა შეიარაღებაში შედიოდა გრძელი შუბები, ალებარდები, საორხელო ხმლები და არკებუზები. რანგისა თუ ფორმირებაში პოზიციის განურჩევლად, ყველა ლანდსკნეხტს ასევე ჰქონდა ახლო ბრძოლისათვის განკუთვნილი მოკლე ხმალი, რომელსაც კაცბალგერი ეწოდებოდა.

ლანდსკნეხტები გამოირჩეოდნენ თავიანთი ფერადი ჩაცმულობით. ისინი ატარებდნენ საკმაოდ მდიდრულად დეკორირებულ უნიფორმებს, რომლებიც გაფორმებული იყო სხვადასხვა ფერის ზოლებით. მათ ეხურათ ბერეტის მგავსი, თუმცა უფრო განიერი, ბუმბულებით გაფორმებული ფერადი თავსაბურავები.

ლანდსკნეხტები ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ და გამორჩეულ დაქირავებულ საჯარისო ფორმირებად ჩამოყალიბდნენ და ეპოქის მრავალი დიდი ბრძოლის ბედი გადაწყვიტეს. ყველაფრის მიუხედავად, მოგვიანებით მათმა რეპუტაციამ ნელ-ნელა დაცემა დაიწყო, ამის ერთ-ერთი მიზეზი ესპანური ტერციოების გამოჩენაც იყო. საბოლოოდ, მეჩვიდმეტე საუკუნის ადრეულ წლებში ლანდსკნეხტები თანდათან გაუჩინარდნენ ევროპული ბრძოლის ველებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jörgensen, Christer; Pavkovic, Michael F.; Rice, Rob S.; Schneid, Frederick C.; Scott, Chris L. (2006) Fighting Techniques of the Early Modern World. Thomas Dunne Books. 
  • Miller, Douglas (1976). The Landsknechts. Osprey Publishing. 
  • Richards, John (2002). Landsknecht Soldier 1486-1560. Osprey Publishing. 
  • (2010) The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology. Oxford University Press. ISBN 0195334035. 
  • Tallett, Frank (2010). European Warfare 1350–1750. Cambridge University Press. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]