ლამელარული აბჯარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორეული ლამელარული აბჯარი, რომლის ფირფიტების ბოლოები მომრგვალებულია.

ლამელარული აბჯარი — საბრძოლო აბჯრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული მცირე ზომის ოთკუთხა ან ოდნავ მომრგვალებული ფორმის ფირფიტების ჰორიზონტალური მწკრივებისგან. ფირფიტები შეიძლება იყოს რკინის, ფოლადის, ტყავის ან ბრინჯაოს მასალისგან დამზადებული. ლამელარული აბჯარი დიდი ხნის მანძილზე გამოიყენებოდა ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ აზიაში (განსაკუთრებით ჩინეთში, იაპონიაში, მონღოლეთსა და ტიბეტში), ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ლამელარული ტიპის აბჯრის ყველაზე ადრინდელი მოწმობაა ნეო-ასურულ იმპერიაში გამოქანდაკებული ხელოვნების ნიმუშები. ამიტომ, ლამელარული აბჯრის პირველ გამომგონებლებად რკინის ხანის ასურელები მიიჩნევიან.

აზიაში ლამელარულმა აბჯარმა ჩაანაცვლა უფრო ადრინდელი ქერცლოვანი აბჯარი, ვინაიდან ქერცლოვან აბჯართან შედარებით ლამელარული ანუ ფირფიტოვანი აბჯარი მეომარს მოძრაობას ნაკლებად უზღუდავდა.

ტერაკოტის თიხის ჯარისკაცი ლამელარული აბჯრით.

დამზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფირფიტების დაკავშირება.

ფირფიტების ჰორიზონტალური რიგები ერთმანეთთან ვერტიკალურადაა დამაგრებული ნახვრეტებში გაყრილი თასმებით. ქერცლოვანი აბჯრისგან განსხვავებით, რომლის ფირფიტები ერთ მთლიან სუბსტრატზეა დალაგებული, ლამელარი ჯერ რიგებადაა დალაგებული და შემდეგაა ერთმანეთთან შეკავშირებული.[1]

ლამელარული ფირფიტების ფორმა, ნახვრეტების რაოდენობა და აქედან გამომდინარე, მათი დაკავშირების მეთოდები სხვადასხვაგვარია. საუკუნეების მანძილე აზიის უზარმაზარ კონტინენტზე იგი მუდმივ განვითარებასა და ევოლუციას განიცდიდა, თუმცა ძირითადი პრინციპი, რაც მდგომარეობს ფირფიტების თასმებით დაკავშირებაში, უცვლელი რჩებოდა. ლამელარული აბჯრის დამზადება დიდ შრომას მოითხოვდა, თუმცა ტექნოლოგიურად დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიმოთესუბნის ფრესკა საქართველოში, რომელზეც ლამელარული აბჯრით აღჭურვილი მეომარია გამოსახული.
ფარახეთის წმინდა გიორგის ჭედური ხატი, რომელზეც წმინდანს ლამელარული აბჯარი აცვია, X საუკუნე.

ლამელარულ აბჯრის ქვეშ ხშირად ატარებდნენ ჯაჭვის პერანგს. ლამელარული კირასა პოპულარული იყო რუსულ სამეფოებში, მონღოლებში, თურქებში, ავარებსა და აღმოსავლეთის სხვა მომთაბარე ხალხებში. ლამელარული აბჯარი ფართოდ გავრცელებული იყო ბიზანტიასა და საქართველოშიც, ამას მოწმობს არაერთი იკონოგრაფია (ფრესკები, ხატები და მინიატურები).

არსებობს მოსაზრება, რომ ბიზანტიური ლამელარული აბჯრის შემუშავებაში, შესაძლოა, საქართველომ იქონია გავლენა. საქართველოსა და ბიზანტიას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ საუკუნეების მანძილზე და ბუნებრივია, სხვა ყველაფერთან ერთად, ადგილი ექნებოდა სამხედრო აღჭურვილობის ერთიმეორესგან გაცნობას.

ძნელია ისეთი ბიზანტიური აბჯრის გამოსახულების პოვნა, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება, პირიქით კი ცოტა განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე. ბიზანტიაში არ ჩანს ან დროში ჩამორჩება სხვადასხვა ტიპის ლამელარული აბჯრები: ზედა-ქვედა მოქლონიანი ლამელარი; ფირფიტებს შორის მოქლონიანი; თასმადამალული ლამელარი; მთლიანად ქვემოთ მიმართული ლამელარი; ერთეულია პროტუბერანცული აბჯარი; X საუკუნის ბიზანტიურ გამოსახულებებზე არ გვხვდება მოქლონიანი ფირფიტები და არც მართკუთხა, ბოლომოუმრგვალებელი ლამელარი.[3] ყველა ეს აბჯრის სახეობა კი ქართულ იკონოგრაფიაში წარმოდგენილია.

კიდევ ერთ არგუმენტად შესაძლოა დასახელდეს საქართველოს ტერიტორიული სიახლოვე ჩრდილოეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მომთაბარეებთან, საიდანაც შესაძლოა, ლამელარული აბჯარი პირველად საქართველოში შემოსულიყო და შემდეგ ბიზანტიაში საქართველოს გავლით გაცნობოდნენ. მდიდარი და მრავალრიცხოვანი ქართული ფეოდალური კლასიც წაახალისებდა ინდივიდუალურ ექსპერიმენტებს საჭურველთან, განსხვავებით ბიზანტიისგან, სადაც შეიარაღების სისტემა სახელმწიფო ნიადაგზე იდგა და სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.[4]

იაპონელებსა და ჩინელებს ლამელარული აბჯრის საკუთარი ვარიანტები ჰქონდათ, რომლებსაც აქტიურად იყენებდნენ საუკუნეების მანძილზე. ჩინური ლამელარული აბჯრის კარგი ნიმუშია ტერაკოტის თიხის ჯარისკაცები, რომლებსაც სწორედ ლამელარული აბჯრები აცვიათ.

XV საუკუნისთვის ლამელარული აბჯარი წინა აზიასა და საქართველოში თანდათან ჩაანაცვლა ჯაჭვ-ფირფიტოვანმა ბეგთარის ტიპის აბჯარმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]