ლაზარე დადუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაზარე ისმაილის ძე დადუანი (დ. 1851, სოფელი მუჟალი, მულახის თემი, ზემო სვანეთი — გ. 1894, იქვე) — ქართველი ხალხოსანი და პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზარე დადუანი დაიბადა 1851 წელს ზემო სვანეთში, მულახის თემის სოფელ მუჟალში. მამამისი ისმაილ დადუანი ადგილობრივი გლეხი იყო, დედა მართა ლომთაძე კი რაჭიდან, სოფელ მეორე ტოლოდან ყოფილა.

ლაზარესთვის წერა-კითხვა დედას უსწავლებია. შემდეგომ იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიუბარებიათ. აქ ლაზარე დაუმეგობრდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯოს მკვიდრს ვარლამ გაბიჩვაძეს, შემდგომში ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთ მესვეურს დასავლეთ საქართველოში. მოგვიანებით კაზარე ცოლად ირტავს ვარლამის დას ებე გაბიჩვაძეს. ცნობილია რომ ვარლამის დავალებით ლაზარე ხალხოსნურ იდეებს ავრცელებდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში.

სვანეთში ლაზარე ცხოვრობდა სოფელ ბეჩოში და სიცოცხლის დასასრულამდე თავად თენგიზ დადეშქელიანის სახლში მდივნად მსახურობდა.

1894 წელს ლაზარე დადუანი გარდაიცვალა. მისი ნეშტი ბეჩოდან მშობლიურ სოფელ მუჟალში გადაუსვენებიათ და დუკრძალავთ მუჟალის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში, სადაც მის საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ინიციალები: „ლ. დ.“. ასეთი წარწერით გამოქვეყნებულია მისი ზოგიერთი წერილიც.

ლაზარე დადუანის წერილები ძირითადად იბეჭდებოდა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე. იგი სვანეთის პირველი მკვიდრია რომელმაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გაზეთებისათვის წერილების მიწოდება დაიწყო და ამით შესაძლებლობა მისცა ქართელ მკითხველს ცოტად თუ ბევრად გასცნობოდა საუკუნეებით მივიწყებულ სვანეთის ყოფა-ცხოვრებას.

ათი წლის მანძილზე აწვდიდა პრესას ლაზარე დადუანი თავის წერილებს. ამ ხნის მანძილზე ის თითქმის მარტოდმარტო წერდა სვანეთზე. ცნობილი მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ძირითადად 1880 წლიდან იწყება. საინტერესოა ის გარემოება, რომ 1881 წლიდან როდესაც ბესარიონ ნიჟარაძე იწყებს ინტენსიურ სამწერლო მოღვაწეობას ლაზარე დადუანი ძირითადად წყვეტს თანამშრომლობას ქართულ პერიოდიკაში და ამის შემდეგ მისი მხოლოდ ორი წერილი გვხვდება.

ლაზარე დადუანის წერილები მრავალმხრივ საინტერესო ცნობებს შეიცავენ ძველი სვანეთის ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავალიანი გ., ზურაბიანი გ., „ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე“, თბ., 1973, გვ. 7-11