ბესარიონ ნიჟარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბესარიონ ნიჟარაძე, თავისუფალი სვანი (ფსევდონიმები — ბესარიონ სვანი, სვანი; დ. 21 ნოემბერი, 1852, უშგული — გ. 1919, მესტია) — ქართველი ეთნოლოგი, პუბლიცისტი, სასულიერო პირი, ფოლკლორისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესარიონ ნიჟარაძე დაიბადა 1852 წლის 21 ნოემბერს სოფელ უშგულში. 1866 წელს იგი შევიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1874 წელს დაამთავრა და ჩაერიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. თბილისის სემინარიაში ბ. ნიჟარაძე სწავლობდა 1878 წლამდე.

1878-1883 წლებში ნიჟარაძე მსახურობდა სვანეთის საბოქაულოში საქმისმწარმოებლად. 1883 წლიდან ის კვლავ ქუთაისში გადადის და სათავადაზნაურო სასწავლებელში აღმზრდელად იწყებს მუშაობას. ამ თანამდებობაზე დარჩა იგი 1892 წლამდე.

1891 წელს ბესარიონ ნიჟარაძემ ცოლად მოიყვანა ქუთაისელი აზნაურის ქალი ალექსანდრა პავლეს ასული ნორაქიძე და მეუღლითურთ სვანეთში დაბრუნდა. იგი ინიშნება სოფელ იფარში ახლადგახსნილი სკოლის გამგე-მასწავლებლად. 1892 წელს მღვდლად ეკურთხა და საეკლესიო მსახურიც დაიწყო. მსახურობდა მღვდლად იფარისა და მესტიის ეკლესიებში, ამასთან სისტემატურად მასწავლებლობდა და აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.

პირველი წერილი გამოაქვეყნა 1873 წელს. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("შრომა", "დროება", "ივერია" და სხვ.). წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში "ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები", რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. ქუთაისში გამოიცა კრებული "სვანური ზღაპრები" (1893). გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. მას ეკუთვნის გამოკვლევები: "სვანეთის მანუკრისტები"("ივერია", 1903, N194), "სვანეთის ხელნაწერები"("მოამბე", 1904, N9, 10), "მოკლე მიმოხილვა სვანური გრამატიკისა"("ძველი საქართველო", ტ. II, ტფ., 1911-1913) და სხვ. ქართველი საზოგადო მოღვაწე.

1919 წლის მაისში ბესარიონ ნიჟარაძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა მესტიაში. მისი ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს უშგულის ლამარიას ეკლესიის გალავანში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოკლე განხილვა სვანური გრამატიკისა (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2013. - 28გვ.. - ISBN: 978-9941-436-75-8
  • ქართულ-სვანურ-რუსული ლექსიკონი = Грузино-сванско-русский словарь : ბალსზემოური დიალექტი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 264გვ.. - ISBN: 978-99940-61-39-6

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 442.
  • ავალიანი გ., ზურაბიანი გ., ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე, თბ., 1973, გვ. 46-47

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]