კულინანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კულინანი

კულინანი (ინგლ. Cullinan Diamond) 1905 წლის 25 ივნისს იპოვა „პრემიერ დაიმონდ მაინინგ კომპანის“ მთავარმა ინტენდანტმა ფრედერიკ უელსმა კულინანში, გოტენგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ეს არის აქამდე ნაპოვნ ალმასთა შორის უდიდესი დაუმუშავებელი ქვა სუფთა ალმასის წონით 621.35 გრ. (3.106,75 კარატი). თუმცა კარბონადოს ალმასი, ნაპოვნი ბრაზილიაში, უფრო მეტს იწონიდა - 720 გრ. (3.600 კარატი), მისგან სუფთა ალმასის გამოთლა ვერ მოხერხდა. ძვირფას ქვას სახელი სერ თომას კულინანი, ალმასების მაღაროს მფლობელის პატივსაცემად დაერქვა.

შემდგომში ეს ქვა შეისყიდა ტრანსვაალის მთავრობამ და საჩუქრად მიართვა მეფე ედუარდ VII-ს. მოგვიანებით ქვა სამ დიდ ნაწილად გაიყო ძმები აშერების მიერ ამსტერდამში, ხოლო საბოლოოდ კი თერთმეტ დიდი ზომის ალმასის ქვებად და რამდენიმე მცირე ფრაგმენტად. ამ ქვის უდიდეს დამუშავებულ ბრილიანტს შეარქვეს კულინან I ანუ აფრიკის დიდი ვარსკვლავი (ინგლ. Great Star of Africa) და 530.2 კარატი (106.04 გრ.) ზომით უდიდესი დამუშავებული ალმასი იყო მსოფლიოში 1985 წლამდე, როდესაც იგივე მაღაროელი კომპანიის მიერ ალმასი ოქროს იუბილე (ინგლ. Golden Jubilee) (545.67 კარატი) იქნა აღმოჩენილი.

კულინენ I ამჟამად ბრიტანეთის სამეფო (წმ. ედუარდის) სკიპტრის თავზეა დამაგრებული. კულინანის ქვის სიდიდით მეორე ალმასი, კულინენ II, მსოფლიოში სიდიდით მეორე დამუშავებული ალმასია და ასევე წარმოადგენს ბრიტანეთის სამეფო გვირგვინის ბრილიანტთა ნაწილს; დამაგრებულია იმპერიულ სამეფო გვირგვინზე. ორივე ალმასი გამოფენილია ლონდონის ტაუერში, ბრიტანეთის სხვა დანარჩენ სამეფო ბრილიანტთა შორის.

1905 წელს ალმასის სამხრეთ აფრიკიდან ინგლისში ტრანსპორტირება საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა მისი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ლონდონის დეტექტივები მოთავსებულ იქნენ თბომავალ გემზე, რომელზეც ჭორით ალმასი უნდა გადაეტანათ, თუმცა ეს თვალისამხვევი ტაქტიკა აღმოჩნდა. ამ გემზე ატანილი ალმასი ნამდვილი არ იყო და მხოლოდ მისი მოპარვის მსურველების მისაზიდად იყო გამიზნული. ნამდვილი ალმასი ინგლისში ჩვეულებრივი ამანათით ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა.

წლების განმავლობაში ჭორები ვრცელდებოდა კულინანის ალმასის მეორე ნახევრის არსებობის შესახებ, ვინაიდან გარკვეული ნიშნები მიუთითებენ, რომ ეს ალმასი გაცილებით უფრო დიდი კრისტალის ნაწილი უნდა ყოფილიყო. როგორც ამბობენ, სანამ ფრედერიკ უელსი ქვას სერ თომას კულინანს მიჰყიდიდა მან ამ ქვას ნაწილი, წონით დაახლოებით 300 გრ. (2000 კარატამდე), მოტეხა. თუ ეს ჭორი სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ თავდაპირველი კულინანის ალმასი წონით დაახლოებით 1 კგ (5000 კარატი) იქნებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кравчук П. А. Рекорды природы. — Любешов: Эрудит, 1993. — 216 с. ISBN 5-7707-2044-1