კოხტას ციხის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოხტას ციხის ეკლესია — არქეოლოგიური ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტში. თარიღდება XI–XII საუკუნეებით.

ეკლესია კოხტას ციხის ციტადელის დასავლეთით 20 მეტრზე მდებარეობს. იგი ციხის თანადროულია. ნაგებია დუღაბით და ქვით. მას ჰქონდა ქვის ფილების დამუშავებული პერანგი, დღეს კი მისგან აღარაფერია შემორჩენილი. ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ეკლესია სამსაფეხურიან ცოკოლზე იდგა სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე კი მიწაში იყო შემჯდარი. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი — სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით გაყოფილია ორ ნაწილადა. შუა საფეხურს ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი, ხოლო გვერდის საფეხურებს კი — კედლის დეკორატიული თაღები. ეკლესიას დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ეკვრის მინაშენები. ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებს აღმოსავლეთის კედლის ღერძზე აქვთ თითო სარკმელი. დასავლეთის მინაშენში კი კარი გაჭრილია დასავლეთის კედელში, ხოლო სამხრეთის მინაშენში შესასვლელად გამოყენებულია ორმალიანი თაღი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10796