კოსტანტი კახის მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„კოსტანტი კახის მარტვილობა“ — IX საუკუნის ქართული ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება. მისი მთავარი გმირია ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებული პატრიოტი, ქართლის გავლენიანი დიდებული კოსტანტი კახი. 853 წელს არაბებებმა ბუღა თურქის მეთაურობით თბილისი დაიპყრეს, გადაწვეს და ამირა საჰაკ ისმაილის ძე მოკლეს. ხანდაზმული კოსტანტი კახი, „ვითარცა წინამძღუარი და წარჩინებული ყოველსა ქვეყანასა ქართლისასა“ თავისი ლაშქრით წინ აღუდგა უცხო დამპყრობლებს. ამის გამო ის შეიპყრეს, ჯერ თბილისის საპყრობილეში მოათავსეს, შემდეგ ქ. სამარაში გაგზავნეს და მეფე ჯაფარ აბრაჰამის ძეს წარუდგინეს, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. კოსტანტი კახმა დიდი სულიერი სიმხნევე გამოიჩინა და სარწმუნოების გამოცვლაზე მტკიცე უარი მოახსენა მეფეს, რისთვისაც 853 წლის 10 ნოემბერს თავი მოჰკვეტეს. „კოსტანტი კახის მარტვილობა“ შეთხზულია 853-856 წლებში, ბიზანტიის დედოფლის თეოდორას (გ. 856) მეფობის დროს. ავტორი თანამედროვეა, მაგრამ ის არ უნდა იყოს კოსტანტი კახის დაახლოებული პირი ან მისი მარტვილობის თვითმხილველი. მან არც წამებულის ბიოგრაფია იცის კარგად და ამბავს უფრო ზოგადად, სხვისი გადმოცემით ყვება. მიუხედავად ამისა, თხზულება ფრიად მნიშვნელოვანი წყაროა IX საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების გასათვალისწინებლად.

„კოსტანტი კახის მარტვილობის“ ხელნაწერები XVIII საუკუნიდან გვხვდება. ტექსტი პირველად გამოაქვეყნა მიხეილ საბინინმა 1882 წელს. 1925 წელს ლათინური თარგმანითურთ გამოსცა პაულ პეეტერსმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956;
  • მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;
  • ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 5, გვ. 596, თბ., 1980