შინაარსზე გადასვლა

კოსმოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hubble Extreme Deep Field კაცობრიობის მიერ შექმნილი კოსმოსის ყველაზე სიღრმისეული სურათი

კოსმოლოგია (ძვ. ბერძნ. κόσμος[kósmos]— „წესრიგი“, „მსოფლიო“, „სამყარო“ და λόγος[lógos]— „სიტყვა“, „მოძღვრება“) — ფიზიკისა და მეტაფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სამყაროს, კოსმოსის ბუნებას. ტერმინი „კოსმოლოგია“ ინგლისურ ენაში პირველად 1656 წელს გამოიყენა თომას ბლაუნტმა „გლოსოგრაფიაში“, რაც ნიშნავს „სამყაროს შესახებ საუბარს“.[1] 1731 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა ქრისტიან ვოლფმა ლათინურად გამოიყენა ტერმინი „კოსმოლოგია“ (cosmologia), რათა აღენიშნათ მეტაფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ფიზიკური სამყაროს ზოგად ბუნებას.[2] სამყაროს შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მოიცავს მეცნიერებას, ფილოსოფიას, ეზოთერიციზმსა და რელიგიას. შესაბამისად, კოსმოლოგია შემდეგ დისციპლინებად იყოფა:

რამდენადაც ბუნების მოვლენათა და კანონზომიერებათა ცოდნა და მსოფლმხედველობითი პრინციპებიც იცვლება კაცობრიობის ისტორიული განვითარების მსვლელობაში, კოსმოლოგიური წარმოდგენებიც იცვლება და ზუსტდება. ყოველ ეპოქაში იმ დროისათვის შემუშავებული მოდელიდან გამომდინარე დასკვნები უნდა დასტურდებოდეს დაკვირვებული მოვლენებით, პრაქტიკით, მასთან, ეს წარმოდგენები საშუალებას უნდა იძლეოდეს სწორად იწინასწარმეტყველონ ახალი მოვლენები. ასე იცვლებოდა კოსმოლოგიური წარმოდგენები ეპოქიდან ეპოქამდე. ყველაზე მაღალი დონის ეტაპი იყო ანტიკური ფილოსოფიური სკოლების წარმოდგენები (დემოკრიტე, პითაგორა, არისტოტელე). ამ ეპოქის II ნახევარში დამუშავდა სამყაროს პირველი მათემატიკური მოდელი — გეოცენტრული სისტემა. მას მოჰყვა კოპერნიკისეული ჰელიოცენტრული სისტემა, ანუ მოძღვრება, რომლითაც დაიწყო რევოლუცია ბუნებისმეტყველებასა და მსოფლმხედველობაში. მაშინვე გამოცხადდა პირველი ფილოსოფოსთა დასკვნა სამყაროს უსასრულობის შესახებ (ჯორდანო ბრუნო). ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის უნივერსალური კანონის აღიარება ნიშნავდა, რომ სამყარო განიხილება როგორც სხეულების ერთიანი სისტემა, რომელსაც ერთი კანონი მართავს. მიმდინარე ეპოქაში გაბატონებული კოსმოლოგია ემყარება კოპერნიკის შემდგომდროინდელ მონაპოვრებს ასტრონომიასა და ფიზიკაში განსაკუთრებით აინშტაინისეულ მიზიდულობის რელატივისტურ თეორიას და გარეგალაქტიკური ასტრონომიის მონაცემებს. სივრცე-დროის სიმრუდე, სივრცის სასრულობის შესაძლებლობა, წითელი წანაცვლების კანონი და სამყაროს გაფართოება, ნივთიერების მდგომარეობა კოსმოლოგიურ წარსულში და ამჟამად. თერმოდინამიკური კანონები სამყაროში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა – ის პრობლემებია, რომლებიც წამოაყენა ამ ეტაპის კოსმოლოგიამ.

სამყაროს ერთგვაროვანი და იზოტროპიული მოდელი ორ პოსტულატს ემყარება: 1. გრავიტაციული ველი კარგად აღიწერება აინშტაინის განტოლებებით, რაც სივრცე-დროის სიმრუდეს და ამ სიმრუდის მასების სიმკვრივეზე დამოკიდებულებას ნიშნავს; 2. სამყაროში არ გამოიყოფა რაიმე განსაკუთრებული წერტილი ან წერტილები და მიმართულება ან მიმართულებანი; ყველა ისინი ტოლუფლებიანნი არიან. თუ მასის გამოანგარიშებისას მხოლოდ ნივთიერებას გავითვალისწინებთ, დასაშვებია სამყაროს მოდელის ორი სახესხვაობა: სივრცის სიმრუდე უარყოფითია ან ნულია (ზღვრული შემთხვევა); სამყარო უსასრულოა და მასში ნებისმიერ ორ წერტილს შორის მანძილი დროის მსვლელობისას უსასრულოდ იზრდება (ე. წ. ღია მოდელი). სიმრუდე დადებითია, სამყარო სასრულია, მაგრამ არა აქვს საზღვარი (ჩაკეტილი მოდელი); დროის მსვლელობაში გაფართოება შეკუმშვით იცვლება თითოეულ მოდელში ევოლუციის დროს სიმრუდე ცვალებადობს, მაგრამ ნიშანს ინარჩუხებს. ევოლუციის საწყის სტადიაზე არსებობდა უსასრულო სიმკვრივის მასა და უსასრულო სიმრუდე, აფეთქებით გამოწვეული გაფართოება კი შემდგომში შელედება აღიარებულია მესამე („ცხელი სამყაროს“) პოსტულატიც: ნივთიერების საწყისი ტემპერატურა მეტად მაღალია და ნივთიერება წარმოადგენს ელემენტარული ნაწილაკების ნარევს. ამასთან, როგორც გაანგარიშება გვიჩვენებს, ასეთი ნარევის მდგომარეობას მოჰყვება მსუბუქ ბირთვებად (წყალბადი, ჰელიუმი) გარდაქმნათა ეტაპი, შემდგომ კი (ძირითადად ვარსკვლავთა წიაღში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციების საფუძველზე) დანარჩენი ქიმიური ელემენტების თანამიმდევრული ჩამოყალიბების ეტაპები. „ცხელი სამყაროს“ კონცეფცია, აგრეთვე სამყაროს გაფართოების (ანუ არასტაციონარობის) და იზოტროპიის პოსტულატები დასტურდება ჩვენს ეპოქაში წარმოებული ასტრონომიული დაკვირვებებით. 1965 წელს აღმოაჩინეს რელიქტური რადიოგამოსხივება, რომლის თვისებები ისეთია, როგორც ადრე იწინასწარმეტყველეს, სამყაროს დაკვირვებადი ნაწილის გაფართოება, რაც მოწმდება გალაქტიკების სპექტრებში ხაზების წითელი წანაცვლების კანონზომიერებებით, ადასტურებს მის არასტაციონარულობას. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ, ჩვენს ეპოქაში მაღალ დონეს მიაღწია, მის წინაშე დგას კიდევ ამოუხსნელი საკითხები, მაგალითად, ატომბირთვის სიმკვრივეზე უფრო მკვრივი ნივთიერების შესწავლა, მეტაგალაქტიკის ერთადერთობა თუ მისი სტადიურობა კოსმოსურ სისტემათა იერარქიის კიბეზე, სამყაროს სიმრუდის ნიშანი, სამყაროს არასიმეტრიულობა ნივთიერება-ანტინივთიერების გავრცელების თვალსაზრისით და სხვ. კოსმოლოგიის შემდგომ განვითარებას განსაზღვრავს კაცობრიობის ცოდნის გაღრმავება მეტაგალაქტიკური ასტრონ. დარგში, აგრეთვე მიკროსამყაროსა და მატერიის ახ. ფუნდამენტურ თვისებათა მიკვლევა.

  • ხარაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980.  გვ. 686.
  • Jean-Marc Rouvière, Brèves méditations sur la création du monde, L'Harmattan, Paris 2006.
  • Roos, Matts Introduction to Cosmology. John Wiley & Sons, Ltd, Chichester: 2003.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]