კორინთული მუზარადი
კორინთული მუზარადი — ანტიკურ საბერძნეთში გავრცელებული ბრინჯაოს საბრძოლო თავსაბურავი, რომლის სახელიც მომდინარეობს ქალაქ-სახელმწიფო კორინთიდან. კორინთული მუზარადი მთლიანად ფარავდა თავს, ხოლო მუზარადის უკანა მხარეს მომრგვალებული დაბოლოება — კისრის არეს. მუზარადზე დატანებული იყო ღიობები თვალებისა და პირისთვის, რომელთა შორის ცხვირის საფარი იყო.
კორინთული მუზარადი ბერძენი ჰოპლიტების აღჭურვილობის განუყოფელი ნაწილი იყო. არასაბრძოლო სიტუაციაში ჰოპლიტები ჩაფხუტს ზევით წევდნენ და თავზე დახრილად ატარებდნენ, ისე, რომ სახე უჩანდათ და დისკომფორტი არ ექმნებოდათ. იმის მიუხედავად, რომ კორინთული მუზარადი კარგ დაცვას უზრუნველყოფდა, ბრძოლაში ორიენტაციისას ის მეომარს მხედველობისა და სმენის დაბრკოლებას მაინც უქმნიდა. ამიტომ დროთა განმავლობაში ბერძნებმა უფრო ღია და მსუბუქი, მაგალითად, თრაკიული და ქალკიდური, მუზარადების გამოყენება დაიწყეს, რომელთა დამზადება უფრო იაფიც ჯდებოდა და მებრძოლს ნაკლებად უზღუდავდა მხედველობასა და სმენას. ამის მიუხედავად, იტალო-კორინთული მუზარადები ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნემდე მაინც გამოიყენებოდა, მათ შორის რომაულ არმიაში.
ფიზიკური მასალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს კორინთული მუზარადის მრავალი არქეოლოგიური და ვიზუალური მასალა. არქეოლოგებმა მრავალი კორინთული მუზარადი აღმოაჩინეს, ის გამოსახულების სახით ასევე ფართოდ გვხვდება ბერძნულ ჭურჭელზე. კორინთული ტიპის მუზარადი ყველაზე გავრცელებული თავდაცვითი თავსაბურავია, რომელიც ქანდაკებებში გვხვდვება. როგორც ჩანს, ბერძნები ამგვარ მუზარადს დიდებასთან და წარსულთან აიგივებდნენ. კორინთულ მუზარადს პატივს სცემდნენ რომაელებიც, რომლებიც ბერძნული ორიგინალებიდან ახდენდნენ კოპირებას და ამგვარად აქანდაკებდნენ მას.
რომაული მხატვრობის საშუალებით ცნობილია, რომ კორინთული მუზარადი რომში თანდათან განვითარდა იტალო-კორინთულ მუზარადად, რომელზეც ცხვირის საფარი და თვალებისთვის ამოჭრილი ღიობები უბრალოდ ამოტვიფრულ დეკორაციად ჩამოყალიბდა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lendon, J.E., Soldiers and Ghosts, A History of Battle in Classical Antiquity (2005)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Peter Connolly: The Roman Army, pp. 19 and 35. Macdonald & Company, Ltd., London, 1975.