კონჭკათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონჭკათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში.

ტაძარი შემაღლებულ ადგილას დგას, ზღვის დონიდან 281 მეტრზე. აგებულია  მე-10-მე-15 საუკუნეებში. მას ირგვლივ  შემოვლებული აქვს  გალავანი. ნახევარწრიულ აბსიდიანი დარბაზული ეკლესია  სხვადასხვა ფერის თლილი ქვის კვადრებითაა ნაგები. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს ამ უკანასკნელის თავზე გადის ჩუქურთმიანი თაღი. გარედან არქიტრავულია ორივე კარი, შიგნიდან თაღოვანია. დასავლეთით   მიშენებული აქვს  ორ საფეხურიან ცოკოლზე მდგარი, ორი თაღით გახსნილი გალერეა. გალერეის თაღები  ეყრდნობა მრგვალ მასიურ იმპოსტირებულ სვეტს. გალერეის, სვეტის თავზე ტიმპანის ქვაა გამოყენებული, სადაც ცენტრში  წრეში ჩახაზული ჯვარია წარმოდგენილი. გალერეის ცილინდრული კამარა ეყრდნობა ორ იმპოსტიან პილასტრს, ხოლო პილასტრებს შორის გადადის თაღი. გალერეის ინტერიერში  შემორჩენილია კედლის მხატვროფის ფრაგმენტები. ჩრდილოეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს  ეკვდერი, რომლის შესასვლელიც დასავლეთიდანაა. ასევე სამხრეთით ეკვდერის საძირკვლის ნაშთები ფიქსირდება. ტაძარს დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით გაჭრილი აქვს თაღოვანი სარკმლები, რომლის საპირეები შედგება მოჩუქურთმებულ ოლესა და მისი მოჩარჩოებული ლილვებისგან. ეკლსიის ცილინდრული კამარა  ეყრდნობა  სამ ორ საფეხურიან პილასტრს. ტაძარს გარშემო შემოუყვება გალავანი, რომელსაც შესასვლელი გაჭრილი აქვს ჩრდილოეთით და სამხრეთით. ტაძარი აღდგენილია 2013- 2014 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9899