კონფლიქტი ღაზის სექტორის ნაპირებთან (2010)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
«მავი მარმარა» (Mavi Marmara) თურქეთის პორტ ანტალიიდან გამოსვლისას
თელ-ავივის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია ისრაელის მოქმედებების მხარდაჭერით.
მიტინგი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წინ თელ-ავივში 2010 წლის 3 ივნისს.

კონფლიქტი ღაზის სექტორის ნაპირებთან — კონფლიქტი, რომელიც დაიწყო 2010 წლის 30 მაისიდან და დასრულდა 31 მაისს, ისრაელის თავდაცვის ჯარსა (ოპერაცია «ზღვის ბრიზი»)[1] და ე.წ. «თავისუფლების ფლოტილიის» აქტივისტებს შორის, მაშინ, როდესაც ფლოტილიის ექვსი გემი მივიდა ისრაელის ნაპირებთან ღაზის სექტორის ბლოკადის გასარღვევად.[2][3] ისრაელის სპეცრაზმმა ფლოტილია შეაჩერა, ხოლო მისი წევრები დააკავა[4][5].

31 მაისის, დილას თურქულ გემ "მავი მარმარას" გემბანზე ვერტმფრენიდან ისრაელის კომანდოები გადმოსხდნენ. მათ ხელი შეუშალეს ეგრეთ წოდებულ "მშვიდობის აქტივისტებს" ღაზის სახმელეთო ზოლამდე მიღწევაში. ამ ნაპირს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს. გემბანზე მომხდარი შეტაკება გადაიზარდა საერთაშორისო თამაშში - „დააბრალე მსხვერპლს". საქართველოში ეს თამაში კარგად არის ნაცნობი, თუმცა ისრაელის დადანაშაულება იმაში, რომ მან თავი დაიცვა, უგულებელყოფს ფაქტებს და იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სარჩულად ედო მომხდარს.[6] "მავი მარმარა" უდიდესი იყო 6 ხომალდისგან შემდგარ ფლოტილიაში. თურქეთიდან მომავალი გემები ცდილობდნენ, „გაეხსნათ საზღვაო ბილიკი ღაზასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის," - თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა "თავისუფალი ღაზას" წევრმა გრეტა ბერლინიმ. მეორე უმთავრესი ორგანიზატორი იყო თურქული ინსანი იარდიმ ვაკფი - "ფონდი ადამიანთა უფლებების, თავისუფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარებისათვის". ბევრის მტკიცებით, ამ ორგანიზაციას კავშირი აქვს ტერორისტებთან.[6]

თურქეთიდან, დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან ასობით გულუბრყვილო, მაგრამ ეჭვი არ არის, გულწრფელ მშვიდობიან აქტივისტს შორის იყვნენ ჯიჰადისტებიც. მილებით, დანებით, შურდულებითა და მცირე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, შეძახილებით - „ხაიბარ, ხაიბარ"(სახელწოდება ებრაული დასახლებისა, რომელიც მუჰამედმა დაამარცხა 629 წელს) ისინი თავს დაესხნენ ებრაელ ჯარისკაცებს. ცხრა ე.წ. აქტივისტი დაიღუპა.[6]

ექვსივე ხომალდი ისრაელის ახლომდებარე პორტ აშდოდში გადაიყვანეს, საიდანაც მოხდა მგზავრების დეპორტაცია. ისრაელის ძალოვნებს უნდა შეემოწმებინათ ხომალდების ბარგი - ფლოტილიის წევრების მტიკიცებით, სახიფათო კონტრაბანდა გემებზე არ უნდა ყოფილიყო - და გადაგზავნიდნენ მას ღაზაში. ამგვარად, ასრულდებოდა გულწრფელი აქტივისტების წადილი. თუმცა, ფლოტილიის ორგანიზატორთა უპირველესი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა დახმარების აღმოჩენა გაჭირვებულებისათვის.[6]

მათი ამოცანა იყო ღაზამდე საზღვაო ბილიკის გახსნა, ან ისრაელის მოთოკვის პრეცედენტის შექმნით, ან საერთაშორისო გამოძახილის გამოწვევით, თუკი ისრაელი გზას გადაუჭრიდა ექვს გემს.[6]

„სისხლიანი ჟლეტა... სახელმწიფო ტერორიზმი," - გაიძახოდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი. „არათანაზომიერი ძალის გამოყენება", - აზრს გამოთქვამდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. „თავიდან ბოლომდე მიუღებელი", - ამბობდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. გერმანიის ხელისუფლება „შეშფოთდა", ისევე როგორც გაერთიანებული ერების მდივანი, ბან კი მუნი. შემდეგ კი, როგორც დღეს ღამე მოჰყვება, დაიწყო რეკვები, რათა ბოლო მოჰღებოდა ისრაელის ბლოკადას ღაზას სექტორზე.[6]

საერთაშორისო აღშფოთება წაადგება ერდოღანის გეოპოლიტიკურ მიზნებს. იგი ცდილობს თურქეთის დისტანცირებას დასავლეთისგან და მსოფლიო პოლიტიკაში დიდ ძალად დამკვიდრებას - ირანთან პაექრობით და, ამავდროულად, შეხმატკბილებით. დასავლელმა ლიდერებმაც შეიძლება თავს სასარგებლო ხმაურის ნება დართონ, როდესაც მათი გულუბრყვილო თანამემამულეები სახლში დაბრუნდებიან ფლოტილიის დღესასწაულებიდან. მაგრამ მსხვერპლის დადანაშაულება, კამერონსვე რომ დავესესხოთ, „თავიდან ბოლომდე მიუღებელია".[6]

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, საერთაშორისო ზეწოლით, ისრაელმა გაიყვანა ჯარი ღაზის სექტორიდან და იძულებით აყარა ებრაული დასახლებები. ოთხი თვის შემდეგ ჰამასმა გაიმარჯვა არჩევნებში და ხელში აიღო სახელმწიფოს სადავეები. აშშ-მ და ევროკავშირმა შეუწყვიტეს ღაზას დახმარება. ჰამასმა მოწინააღმდეგეებს სამოქალაქო ომი გამოუცხადა და 360-კვადრატულკილომეტრიანი ტერიტორია ერთ დიდ ტერორისტულ ბანაკად აქცია. 2007 წლიდან ისრაელის ქალაქებსა და სოფლებს ათობით ათასმა ჭურვმა დააწვიმა ღაზადან.[6]

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ ცდება, როდესაც ამბობს, რომ „ვითარება ღაზაში არამდგრადი და მიუღებელია". თუმცა, დასავლელ დიპლომატთა უმეტესობის ახლომხედველური რეაქცია იქნება ისრაელის დადანაშაულება, ღაზამდე გზების გახსნის ახალი სქემის შექმნა და სამშვიდობო პროცესში განახლებული მხნეობით ჩართვა.[6]

მაგრამ, ერთმანეთთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური საკითხების დანაწევრება ისე, როგორც დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს აწყობთ, განუხორციელებადია. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში გრძელვადიანი დადებითი შედეგი მიუღწეველი იქნება მანამ, სანამ თვალს არ გავუსწორებთ მწარე სიმართლეს, რომ როდესაც ვამბობთ მშვიდობას, იგულისხმება მშვიდობა ღაზაშიც. ღაზას ახლა ჰამასი მართავს, რომელიც ირანს ექვემდებარება და რომლის უმთავრეს მისწრაფებათა ნუსხაში პირველი ადგილი ბირთვული იარაღის დამზადებას და ისრაელის განადგურებას უკავია. აი, რა უნდა იყოს „თავიდან ბოლომდე მიუღებელი".[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]