შინაარსზე გადასვლა

კოკა-კოლა (კომპანია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოკა-კოლა
Coca-Cola
დაფუძნდა 1886
სათავო ოფისი ატლანტა

კოკა-კოლა (Coca-Cola) — უალკოჰოლო გაზიანი სასმელის მწარმოებელი ამერიკული კომპანია. სათავო ოფისი მდებარეობს ატლანტაში.

კომპანიის შექმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის ეზოში.

ყოფილი ამერიკელი კაპიტანი, კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რაიმე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდა ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდების ჩატარებით, მან გადაწყვიტა ატლანტაში გაეხსნა პატარა ფარმაცევტული კომპანია.

პარალელურად იგი ატარებდა სხვადასხვა ქიმიურ ცდებს. ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირითადი ინგრედიენტები რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკას ფოთოლი (ამ მცენარისგან იღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის – კოლას ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პტეპარატი "ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის". სიროფი იყო ტკბილი და ბლანტი. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდული იქნა აფთიაქიდან (ერთი ჭიქა 5 ცენტად).

აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმავლობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე.

დასახელება "კოკა–კოლა", ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრა კოკა-კოლას სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1888 წელს თავისი საქმე მიჰყიდა რამდენიმე პარტნიორს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში გამოჩნდა ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი ჰქონდა, მაგრამ მას ჰქონდა გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად მან მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა-კოლას რეცეპტის შესყიდვა პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.

ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერმა 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით – "The Coca-Cola Company" საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად დაარეგისტრირა მისი სავაჭრო ნიშანი, რომელიც გამოიყენება 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა-კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა-კოლის შემქმნელი. იმავე წელს კენდლერმა გადაიხადა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იმ პერიოდიდან მოყოლებული კომპანია თავის აქციონერებს ყოველ წელს უხდის დივიდენდებს.

აზა კენდლერმა დაიწყო კოკა-კოლას სარეკლამო კამპანია, შექმნა პროდუქტის რეალიზაციის ცალკე განყოფილება, რომელშიც მოიწვია ენერგიული და შრომისმოყვარე თანამშრომლები. გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზამ გამოიყენა მაშინდელი დროისათვის ახალი სარეკლამო ფორმები. მან დაიწყო ფოსტის საშუალებით კოკა-კოლას უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნა კლიენტებისთვის .

ამ სუვენირების აქციამ კომპანიას მოუტანა განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი გახდა ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდებოდა მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.

1894 წელს გაიხსნა სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტექსასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელმა სიმარტივისთვის დაიწყო კოკა-კოლას ბოთლებში ჩამოსხმა და ამ ფორმით გაყიდვა. ხუთი წლის შემდეგ კი ორმა მწარმოებელმა ბენჟამინ ტომასმა და ჯოზეფ უაიტხედმა კენდლერისგან მიიღეს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ ადვილად დათმო ეს ექსკლუზივი სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა-კოლას გაყიდვიდან მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა-კოლის მოგებას.

  • 1898 წელს ატლანტაში აშენდა სამ სართულიანი კოკა-კოლას ოფისი.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა-კოლას ქარხნების რიცხვმა მიაღწია ათასს.

  • 1902 წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი კონკუტენტი - კომპანია პეპსი კოლა (Pepsi-Cola).
  • 1906 წელს კოკა-კოლა გავიდა კუბის და პანამის ბაზარზე.

მაგრამ გამოჩნდნენ სასმელის ფალსიფიკატორები. მათთან საბრძოლველად კომპანიამ 1915 წელს შექამნა ცნობილი კონტურული ბოთლი. მისი დიზაინი შეიქმნა ინდიანას შტატში.

  • 1977 წელს კონტურული ბოთლი დარეგისტრირდა როგორც კოკა-კოლას ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.
  • აზა კენდლერმა მიჰყიდა კომპანია ერნესტ ბუდრაფტს – ბანკირს ატლანტადან 25 მილიონ დოლარად.
  • 1923 წელს კომპანიას სათავეში უდგება ერნესტის შვილი – რობერტ ბუდრაფტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმავლობაში. მან შექმნა კორპორაცია კოკა-კოლა. ამავე დროს შეიქმნა კოკა-კოლას გაყიდვის ერთიანი სტანდარტები.
  • 1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებმა ჩაიტანა 1000 ყუთი (თითო ყუთში იდო 6 ბოთლი) კოკა-კოლა, სასმელმა ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამის შემდეგ კოკა-კოლა გახდა ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.

  • 1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს შეუკვეთა თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტიუმის დიზაინი (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარმა ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახე დახატა საკუთარი ავტოპორტრეტის სახით.

ამავე პერიოდში დიდ პოპულარობას იძენს პეპსი-კოლა. მასთან საბრძოლველად კოკა-კოლამ შეიტანა სარჩელი კონკურენტის მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით (სახელწოდებაში კოლას გამოყენება). საბოლოოდ დიდი და სკანდალური საქმე დამთავრდა მშვიდობიანი შეთანხმებით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დაიწყო "ცივი ომი" ორ კონკურენტ კომპანიას შორის.

მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა-კოლა გაიგზავნა სამხედროებისთვის. .

  • 1960 წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი დაიწყო კოკა-კოლას 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.
  • 1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.
  • 1982 წელს გამოვიდა კოკა-კოლას ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.

დღევანდელ დღეს კოკა-კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. როგორც ამბობენ ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]