კოზმა და დამიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოზმა და დამიანე (მრავალმნიშვნელოვანი).

კოზმა და დამიანემართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 ივლისი, ახალი სტილით - 14 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდანი უვეცხლონი, კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით“. როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავიანთი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმიდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ, საზოგადოებაში მათმა ავტორიტეტმა, რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. ძმები რომ ვერ იპოვეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმა და დამიანე მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ შეპყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები თავდაპირველად საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება.

იმპერატორ კარუსს (282-283), ღვთის განგებით, სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმინდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივენი გაათავისუფლეს.

რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი - მასწავლებელი, რომელთანაც ძმები თავის დროზე ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, მოწაფეები ტყეში გაიტყუა თითქოსდა იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისგან გონდაბინდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები და მათი წმინდა ცხედრები მდინარეს მისცა.

ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე უნდა განვასხვაოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 30 ოქტომბერსა (კოზმა და დამიანე) და 14 ნოემბერს (კოზმა და დამიანე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.