კოზი კორპეშისა და ბაიან-სულუს ეპოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კოზი კორპეში და ბაიან-სულუ (ყაზახ. Қозы Көрпеш - Баян Сұлу) — XIII-XIV საუკუნეების ყაზახური ეპოსი.

პოემა ზეპირი გადმოცემით ვრცელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მისი ტექსტი პირველად 1831 წელს ჩაიწერეს.[1] დღეს არსებობს პოემის რამდენიმე ვერსია. ეპოსში მოთხრობილია ლამაზი, თუმცა ტრაგიკული სიყვარულის ამბავი. ანთროპოლოგი გრიგორი პოტანინის თქმით, ეს პოემა „ყაზახური ეთიკის უმთავრესი წყაროა“.[2]

პოემის შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობის ორმა მეგობარმა, სარიბაიმ და კარაბაიმ ერთმანეთს შეჰფიცა, რომ როცა შვილები ეყოლებოდათ, დააქორწინებდნენ. სანადიროდ წასული სარიბაი დაიღუპა და ვაჟიშვილის, კოზი კორპეშის დაბადებასაც ვერ მოესწრო.

კოზისა და ბაიანს ერთმანეთი ბავშვობაშივე შეუყვარდათ ისე, რომ მამების ფიცის შესახებ არაფერი იცოდნენ. გოგონა გაიზარდა და დამშვენდა. ისეთი ლამაზი იყო, რომ ბაიან-სულუ ანუ ბაიან-მზეთუნახავი შეარქვეს.[2]

კარაბაიმ გარდაცვლილი მეგობრისთვის მიცემული პირობა დაარღვია. მან თავისი ქალიშვილის ხელი კოდარს შესთავაზა გაწეული სამსახურის სანაცვლოდ: ბათირმა კარაბაის ფარა უდაბნოში წყურვილისგან დახოცვას გადაარჩინა. მზეთუნახავს არ უყვარდა მამის არჩეული საქმრო და თავის შეყვარებულს ელოდებოდა, რომელიც დროებით სხვაგან იყო წასული. კარაბაიმ და კოდარმა ბაიანის გადამალვა სცადეს, მაგრამ გოგონამ გზაზე მინიშნებები დაუტოვა კოზის. მთას, რომელზეც თავისი სავარცხელი დააგდო, დღეს ალთინ-თარაქი (ყაზახ. „ოქროს სავარცხელი“) ჰქვია. ხეობას, სადაც ბაიანმა თავისი ქამარი დატოვა, ყიზილ-ბელბეუ (ყაზახ. „წითელი ქამარი“) ეწოდება. იმ ადგილს, სადაც მზეთუნახავმა თავისი ყელსაბამის ქვები მიმოაბნია, მონშაქთის (ყაზახ. „მძივი“) მთები ეწოდება.[2] ამ კვალით მიაგნო ჭკვიან სატრფოს კოზი კორპეშმა.

ახალმა სასიძომ კოზი კორპეში ორთაბრძოლაში გამოიწვია, მაგრამ ვერ აჯობა. მაშინ ძილში მიპარვით მოკლა და თავიდან მოიშორა კონკურენტი. გულმოკლულმა ბაიანმა მკვლელზე შურისძიება განიზრახა და ხერხს მიმართა. ქალიშვილი ცოლად გაყოლას დაპირდა კოდარს, თუ კაცი მისთვის ჭას ამოთხრიდა. გახარებულმა ბათირმა თხრა დაიწყო. ჭა ძალიან ღრმა გამოუვიდა. როცა ზემოთ ამოდიოდა, მზეთუნახავმა ბაიანმა თავისი მსხვილი ნაწნავები გადაუგდო. კოდარი მათ მოეჭიდა და ამოსვლა განაგრძო. მოულოდნელად ქალიშვილმა თმა მოიჭრა. კოდარი ჭაში ჩავარდა და მოკვდა. ასე იძია შური საყვარელი მამაკაცის მკვლელზე კოზი კორპეშის სატრფომ.

მერე ბაიან-სულუ შეყვარებულის საფლავზე წავიდა და იქ ხანჯლით თავი მოიკლა, რადგან კოზის გარეშე სიცოცხლე არ უნდოდა. ისინი ერთად დამარხეს. მათ სამარეზე ასკილი დარგეს, რომელმაც თეთრი და წითელი ყვავილები გამოისხა.[3][4]

შეყვარებულთა მაზარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზისა და ბაიანის სიყვარულის ამბავი „მთელ სტეპს მოედო ორენბურგიდან ზაისანამდე“[2] და თაობიდან თაობას გადაეცემა. აღმოსავლეთ ყაზახეთში, სოფელ ტარლაულიდან 7 კმ მანძილზე, მდინარე აიაგუზის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს მავზოლეუმი, რომელსაც კოზი კორპეშისა და ბაიან-სულუს მაზარს უწოდებენ. ლეგენდით თანახმად, აქ განისვენებენ შეყვარებულები. ეს ნაგებობა უძველესი ისტორიული შენობაა ყაზახეთში და ჩვენს დრომდე მცირედი ცვლილებით შემორჩა. აქ ძალიან ბევრი მნახველი მოდის, ძირითადად, 11 კმ-ით დაშორებული ტანსიკის სადგურიდან. ახალგაზრდა წყვილები მათი სიყვარულის მფარველობას სთხოვენ შეყვარებულთა სულებს, მარტოხელები კი — ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში შემწეობას.[5]

მავზოლეუმის სიმაღლე 11,65 მეტრია, კედლის სისქე — 1,86 მეტრი. მაზარის შესასვლელს აღმოსავლეთის მხრიდან 0.7x0.5 სმ სარკმელი აქვს. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში მავზოლეუმში იდგა კოზი კორპეშის, ბაიან-სულუს, ბაიანის უმცროსი დისა და რძლის ქანდაკებები. დანამდვილებით არავინ იცის, ზუსტად როდის ან როგორ დაიკარგა ისინი.

თავდაპირველად მაზარს კვადრატული პირამიდის ფორმა ჰქონდა (გარეთა მხარე 7,1x7,1 მ, ხოლო შიდა — 3.38x3,38 მ), რომელსაც აგვირგვინებდა ფიგურული წვერი.

1856 წელს მავზოლეუმისა და მისი ქანდაკებების ჩანახატი გააკეთა ჩოკან ვალიხანოვმა. 1858 წელს შენობა გამოიკვლია ნიკოლაი აბრამოვმა, ხოლო 1898 წელს — ნიკოლაი პანტუსოვმა. 1952 წელს ისტორიული ძეგლი შეისწავლა ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალკეი მარგულანის ხელმძღვანელობით.[5]

1982 წელს კოზი კორპეშისა და ბაიან-სულუს მაზარი ყაზახეთის სსრ ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სიაში შეიტანეს.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://tengrinews.kz/strange_news/sredi-studentov-almatyi-vyiberut-sovremennyih-kozyi-korpesh-211934/
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 astanatimes.com/2013/04/national-day-of-lovers-to-recall-legendary-romance/ National Day of Lovers to Recall Legendary Romance, 10 April 2013
  3. http://kstnews.kz/news?node=13735
  4. https://www.youtube.com/watch?v=LAlUW--wSTQ
  5. 5.0 5.1 Казахская ССР: краткая энциклопедия; Гл. ред. Р. Н. Нургалиев. Алма-Ата: Гл. ред. Казахской советской энциклопедии, 1991. — Том 4: стр. 325
  6. Постановление Совета Министров Казахской ССР от 26 января 1982 года № 38 «О памятниках истории и культуры Казахской ССР Республиканского значения»