კლოტილდა ბურგუნდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კლოტილდა ბურგუნდიელი
Delpech - Clotilde.jpg
ფრანკთა დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 493
მმართ. დასასრული: 27 ნოემბერი, 511
წინამორბედი: ბაზინა თიურინგიელი
მემკვიდრე: სუავეგოთა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 474
დაბ. ადგილი: ლიონი, ბურგუნდიის სამეფო
გარდ. თარიღი: 545, (დაახლ. 71 წლის)
გარდ. ადგილი: ტური, ფრანკთა სახელმწიფო
მეუღლე: ხლოდვიგ I, ფრანკთა მეფე
შვილები: ინგონერი
ხლოდომერი, ორლეანის მეფე
ხილდებერტი, პარიზის მეფე
ხლოტარი, სუასონის მეფე
კლოტილდა, ვესტგუთების დედოფალი
მამა: ხილპერიკ II, ბურგუნდიის მეფე
დედა: კარეტენა
რელიგია: ქრისტიანობა

კლოტილდა ბურგუნდიელი (ფრანგ. Clotilde de Burgondie), აგრეთვე ცნობილია როგორც წმინდა კლოტილდა (ფრანგ. Sainte Clotilde; დ. 474, ლიონი, ბურგუნდიის სამეფო — გ. 545, ტური, ფრანკთა სახელმწიფო) — ბურგუნდიელი პრინცესა. ფრანკთა სახელმწიფოს დედოფალი 493-511 წლებში როგორც ხლოდვიგ I-ის მეუღლე. ორლეანის მეფე ხლოდომერის, პარიზის მეფე ხილდებერტისა და სუასონის მეფე ხლოტარის დედა.

მან დიდი როლი ითამაშა 496 წელს ფრანკების გაქრისტიანების საქმეში, რის გამოც კლოტილდა წმინდანადაა შერაცხული სრულიად ქრისტიანული სამყაროს მიერ. იგი ითვლება პატარძლების, ნაშვილები ბავშვების, მშობლების, ქვრივების, დევნილებისა და კოჭლი ადამიანების მფარველ წმინდანად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოტილდა დაიბადა 474 წელს ლიონში. იგი იყო ბურგუნდიის მეფე ხილპერიკ II-ისა და დედოფალ კარეტენას ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ხილპერიკ II-მ 473 წელს დიდი ტერიტორიები დაკარგა თავის ძმებთან ბრძოლაში, რის გამოც მხოლოდ ტიტულარულადღა იყო ბურგუნდიის მეფე, რეალურად კი მისი ძალაუფლება მხოლოდ ლიონზე, ჟენევასა და ვიენაზე ვრცელდებოდა.

დედოფალი კლოტილდა ლოცვისას

493 წელს ხილპერიკ II თავისმა ძმამ ტახტის გამო მოკლა. ამგვარ ვითარებაში კლოტილდასა და დედამისს საფრთხე დაემუქრათ, რის გამოც ჟენევაში შეიკეტნენ. შესაძლოა ითქვას, რომ ამ რთული სიტუაციით ისარგებლა ფრანკთა მეფე ხლოდვიგმა და დედოფალ კარეტენას პრინცესა კლოტილდას ხელი სთხოვა. მართალია კლოტილდა ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო, ხლოდვიგი კი წარმართი, მაგრამ დახმარების მოსაპოვებლად ისინი დაინიშნენ. ამავე წელს შედგა მათი ქორწინებაც, რის შემდეგაც კლოტილდა ფრანკთა დედოფლად გამოაცხადეს.

ქრისტიანული რწმენით აღზრდილმა კლოტილდამ ვერ მოისვენა მანამ, სანამ თავის ქმარსა და მთელ ფრანკთა სახელმწიფოს ქრისტიანობა არ მიაღებინა. 496 წლის 25 დეკემბერს ხლოდვიგი და 300,000 ფრანკი ჯარისკაცი სწორედ დედოფალ კლოტილდას გავლენით მოინათლა, რაც ითვლება ფრანკთა გაქრისტიანებად. კლოტილდამ ჯერ კიდევ 494 წელს მონათლა თავიანთი პირველი შვილი, თუმცა იგი მალევე დაიღუპა. იგი მეორე ბავშვის გაქრისტიანებასაც მოითხოვდა, თუმცა ხლოდვიგმა უარი უთხრა და პირველი შვილის სიკვდილიც მონათვლას მიაწერა, თუმცა დედოფალმა კლოტილდამ პრინცი ხლოდომერი, რომელიც ძალიან ავადმყოფობდა ჩუმად მონათლა, რის შემდეგაც იგი განიკურნა. ამ და კიდევ სხვა მოვლენებმა აიძულა ხლოდვიგი ეწამა ქრისტიანობა და მთელი ქვეყანა მოექცია ახალ რელიგიაზე.

გაქრისტიანების შემდეგ ფრანკთა სახელმწიფო უფრო დაუახლოვდა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს. ტრადიციული ლეგენდის თანახმად, ალემანების წინააღმდეგ ბრძოლის წინ ხლოდვიგი ღმერთს დახმარებას ევედრებოდა და გამარჯვების შემთხვევაში ქრისტიანობის მიღებას ჰპირდებოდა. მან ბრძოლაში გაიმარჯვა, რის შემდეგაც ქრისტიანობა იწამა. დედოფალ კლოტილდას ბრძანებით პარიზში სასწრაფოდ ააგეს წმინდა ჟენევიევას სახელობის ეკლესია, სადაც მეფე უნდა მონათლულიყო. კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, „ღვთის გამოგზავნილმა“ მტრედმა ნათლობისას რეიმსის ტაძარში ღვთიური მირონი მიიტანა, რითაც დამტკიცდა, რომ ხლოდვიგი კანონიერი მეფე იყო. ამის შემდეგ საფრანგეთის ყველა მეფე ამ მირონით ეკურთხებოდა, თუმცა ეს წმინდა ჭურჭელი საფრანგეთის რევოლუციის დროს დაამსხვრიეს.

დედოფალი კლოტილდა ესწრება თავისი ვაჟების მიერ ფრანკთა სახელმწიფოს გადანაწილების პროცესს

511 წელს ხლოდვიგი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათმა ვაჟებმა ფრანკული ტრადიციის მიხედვით სამეფო გადაინაწილეს. ხლოდომერს ორლეანი ერგო, ხილდებერტს პარიზი, ხოლო ხლოტარს რეიმსი და სუასონი.

523 წელს კლოტილდას ვაჟებმა ერთიანად გამოუცხადეს ომი მის ბიძაშვილს, ბურგუნდიის მეფე სიგიზმუნდის ვაჟ გუნდობადს. მომდევნო წელს მათ სიგიზმუნდი მოკლეს, ტახტი კი გუნდობადმა დაიკავა, რომელიც მალევე დაამხეს. მათი მხრიდან ეს იყო სიმბოლური შურისძიება კლოტილდას მშობლების დამხობისათვის. ბევრი მატიანე წერს, რომ ამ ომისაკენ ვაჟებს თავად კლოტილდამ უბიძგა. აღსანიშნავია, რომ 524 წელს გუნდობადმა კლოტილდას უფროსი ვაჟი, ხლოდომერი ბრძოლაში მოკლა. ამ ამბიდან მალევე გარდაიცვალა კლოტილდას ნაბოლარა ქალიშვილი და მისი სეხნიაც, ვესტგუთების დედოფალი კლოტილდაც. დედოფალი კლოტილდა ბურგუნდიელი ამაოდ ცდილობდა ხლოდომერის სამი ვაჟის უფლებების დაცვას ორლეანის ტახტზე, რომელიც მისმა მეორე ვაჟმა, ხილდებერტ I-მა დაიკავა. იმისათვის,რომ მათი პრეტენზიები თავიდან აეცილებინათ, ხლოტარმა ორი მათგანი მოკლა, მესამემ კი ძლივს მოაღწია თავის დაღწევა, რის შემდეგაც სასულიერო ცხოვრებას გაჰყვა.

ამ უდიდესი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ კლოტილდამ წმინდა ცხოვრებას მიუძღვნა თავი. მან მთელი სამეფოს მასშტაბით წამოიწყო მრავალი ეკლესია-მონასტრის მშენებლობა. ამის შემდეგ იგი ჩამოსცილდა სამეფო კარის შავბნელ ცხოვრებას და ტურში დასახლდა, თავისსავე აშენებულ მონასტერში.

დედოფალი კლოტილდა გარდაიცვალა 545 წელს ტურში, 71 წლის ასაკში, ბუნებრივი მიზეზებით. იგი დაკრძალეს პარიზში, წმინდა ჟენევიევას სახელობის ეკლესიაში, ხლოდვიგის გვერდით. აღსანიშნავია, რომ დედოფალი კლოტილდა სრულიად საქრისტიანოს მიერაა შერაცხული წმინდანად.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლოტილდასა და ხლოდვიგს სულ ხუთი შვილი შეეძინათ:

  1. ინგომერი (494), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ხლოდომერი (495-524), ორლეანის მეფე 511-524 წლებში. ცოლად შეირთო გუნტეუკ ბურგუნდიელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  3. ხილდებერტ I (496-558), პარიზის მეფე 511-558 წლებში და ორლეანის მეფე 524-558 წლებში. ცოლად შეირთო დედოფალი ულტრაგოთა, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  4. ხლოტარ I (497-561), სუასონის მეფე 511-558 წლებში, რეიმსის, პარიზისა და ორლეანის მეფე 558 წელს და ფრანკთა მეფე 558-561 წლებში. იქორწინა ხუთჯერ და შეეძინა რვა შვილი;
  5. კლოტილდა (500-531), ცოლად გაჰყვა ვესტგუთების მეფე ამალარიხს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gregory of Tours, Historia Francorum, "Now the king of the Burgundians was Gundevech, of the family of king Athanaric the persecutor, whom we have mentioned before."
  • Wood, Ian (2014) [1994]. The Merovingian Kingdoms 450 - 751. London: Routledge. ISBN 9781317871163. Retrieved 16 Mar 2019.
  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Clotilda, Saint". Encyclopædia Britannica. 6 (11th ed.). Cambridge University Press. p. 557.
  • Britannica, Encyclopaedia. "St. Clotilda". Encyclopaedia Britannica. Retrieved 2019-07-16.
  • Kurth, Godefroid. "St. Clotilda." The Catholic Encyclopedia. Vol. 4. New York: Robert Appleton Company, 1908. 19 Jul. 2014
  • Farmer, David Hugh (1997). The Oxford dictionary of saints (4. ed.). Oxford [u.a.]: Oxford Univ. Press. ISBN 9780192800589.
  • Asimov, Isaac (1968) The Dark Ages, Boston: Houghton Mifflin, pp. 55–56