შინაარსზე გადასვლა

კლოდ დე კემულარია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდ დე კემულარია
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1922
პარიზი
გარდაცვალების თარიღი ნოემბერი, 2016
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პოლიტიკოსი
მეუღლე(ები) შანტალი
შვილ(ებ)ი ელისაბედ კემულარია,

კლოდ დე კემულარია (დ. 22 მარტი, 1922, პარიზი — გ. ნოემბერი, 2016) — ქართველი პოლიტიკოსი.

დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე კლოდ დე კემულარია საფრანგეთში, პარიზში დაიბადა. მისი მშობლები საქართველოდან კომუნისტურ რეჟიმს გაექცნენ. ბაბუა გრიგოლი შეძლებული კაცი გახლდათ, უნიკალური კომერციული ნიჭი გააჩნდა, უმაღლესი გილდიის სოვდაგარი იყო. ჰქონდა ქარვასლები და სხვა მრავალი სავაჭრო ობიექტი ბათუმსა და ქუთაისში, საზღვარგარეთიდან საუკეთესო ხარისხის საქონელი შემოჰქონდა და ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა. გრიგოლის მეუღლე, ნინო (ნინუცა) ნიკოლაძე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის და იყო. შეეძინათ სამი შვილი – ანეტა, სოფიო და იოსები. სოფიო კემულარია მწერალ ლევან გოთუას დედაა. კლოდი და ლევანი ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ, მაგრამ დროის უკუღმართობით ერთმანეთი არასოდეს უნახავთ. გრიგოლსა და ნინოს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შვილები არაფერში შეეზღუდათ, იქნებოდა ეს სწავლა-განათლება თუ საერთო განვითარება. ხშირად მოგზაურობდნენ. 1889 წელს პარიზში დაესწრნენ ეიფელის კოშკის გახსნას და მსოფლიო გამოფენაშიც მიიღეს მონაწილეობა.

კემულარიების ოჯახმა ვაჟი ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი ბელგიაში, იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად. იოსებს მეუღლე ფრანგი ჰყავდა, თუმცა ქუთაისში გაიცნო თავის დასთან და ქართველ სიძესთან სტუმრად მყოფი. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე დაქორწინდნენ. იოსებმა და შარლოტამ ჯვარი აბასთუმანში დაიწერეს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდნენ და პარიზში დასახლდნენ. შემდგომში იოსებ კემულარიამ (1880-1957) ბორდოში გახსნა საკუთარი ბანკი და წარმატებული ბანკირი გახდა. დასაფლავებულია ლევილში. კლოდ კემულარია ფრანგულ ყაიდაზე აღიზარდა, მაგრამ მამა ყოველთვის ჩააგონებდა, ქართველობა არ დავიწყებოდა. თავადაც თვლიდა, რომ მისი კომუნიკაბელურობა, მხიარული ხასიათი და იუმორი ქართული გენიდან მოდიოდა.

ძალიან ვრცელია კლოდ კემულარიას სახელმწიფო, საზოგადოებრივი და დიპლომატიური მოღვაწეობის ნუსხა. პროფესიით იურისტი იყო. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პოლიტიკური მეცნიერების თავისუფალი სკოლა. 1945 წელს დაინიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კაბინეტის ატაშედ. 1945-1946 წლებში პოლ რეინოს (ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე) თანაშემწედ მუშაობდა. 1957-1961 წლებში გაეროს გენმდივნის, შვედი დაგ ჰამერშოლდის კაბინეტის წევრი გახდა. 1961 წლიდან იყო გაეროს საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში. 1960-იანის შუა წლებში მონაკოს პრინც რენიეს მრჩეველია, 1960-იანების ბოლოს მან დააფუძნა ცნობილი ბანკი „PARIBA“ და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნა მისი ფილიალები, რითაც საფრანგეთის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

1980-იანი წლების დასაწყისში კლოდ კემულარია დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს. ის გახლდათ პრეზიდენტ მიტერანის ნდობით აღჭურვილი პირი და მომლაპარაკებელი არაბულ ქვეყნებთან. 1981 წელს მისი ძალისხმევით შეჩერდა საფრანგეთიდან სოციალისტთა გამარჯვებით დამფრთხალი არაბული კაპიტალის გადინება. მან მრავალი საგანგებო მისია განახორციელა აფრიკასა თუ ახალ კალედონიაში. მიტერანდისტი, მაგრამ არა სოციალისტი (თავის პოლიტიკურ მრწამსს „ტრადიციონალისტურად“ მიიჩნევს), კლოდ კემულარია არ მალავს თავის აღტაცებას ყოფილი პრეზიდენტით, რომელიც დიდი ხნით ადრე, იმ დროს ინფორმაციის მინისტრი, 1949 წელს აფრიკაში მოგზაურობისას გაიცნო.

კლოდ დე კემულარიას 60 წლის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო მაღალი თანამდებობა: იყო ფინანსური კომიტეტის დირექტორი ნაციონალურ ასამბლეაში, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, რამდენიმე ბანკისა და ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრი. ჰოლანდიაში საფრანგეთის ელჩობის შემდეგ, 1984-1987 წლებში გახდა საფრანგეთის წარმომადგენელი გაეროში, იყო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი და თავისი წვლილი შეიტანა ირანსა და ერაყს შორის ცეცხლის შეწყვეტაში. 1987-1996 წლებში ფრანგული მოდის ერთ-ერთი ვარსკვლავის, ფირმა NINA RICCI–ის დირექტორთა საბჭოს წევრია. დიპლომატიურმა კავშირებმა საერთაშორისო მასშტაბით, წააქეზა ჩამოეყალიბებინა „მონაკოს“ კლუბი, სადაც გაწევრიანდა მსოფლიოს მრავალი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი. არის მონაკოს კლუბის ხმელთაშუა ზღვის საკითხების პოლიტიკური შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, გაეროს საფრანგეთის ასოციაციისა და საერთაშორისო საბჭოს „მოძრაობა ევროპისაკენ“ საპატიო წევრი, მრავალი ორდენისა და ჯილდოს კავალერი. 1979 წლიდან აყვანილია საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ რაინდის ხარისხში. 1988 წელს მიენიჭა „საპატიო ლეგიონის“ ოფიცრის წოდება.

2008 წელს კლოდ დე კემულარიამ გამოსცა თავისი მემუარები „ცხოვრება გაშლილი ფრთებით“, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა. წიგნი XX საუკუნის 40-80-იანი წლების საერთაშორისო მოვლენებისა და მსოფლიო პოლიტიკის ღრმა ანალიზის საფუძველს იძლევა. ავტორი მოგვითხრობს თავის ბავშვობაზე, მისთვის უცნობ, მაგრამ საოცნებო სამშობლოზე, მშობლებზე, თავის ახალ სამშობლოზე, სადაც ფრთები გაშალა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია პოლიტიკურ კარიერაში. 2010 წელს, პრინცესა ვერონიკა მიურატის ხელშეწყობით მემუარები ქართულ ენაზეც გამოიცა. წიგნის პრეზენტაციისთვის, ნოემბრის თვეში, საქართველოში კლოდ დე კემულარიაც ჩამოვიდა. სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ მიღებაზე ბატონმა კლოდმა განაცხადა

ვიკიციტატა
„მრცხვენია, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. მე იმ ქართველ ემიგრანტებს მივეკუთვნები, რომლებიც 1920-1921 წლებში ბოლშევიკურ რეჟიმს საფრანგეთში წასვლით გაექცნენ. მთავარი ისაა, რომ ქართულად ვფიქრობ და ვაზროვნებ. წლების განმავლობაში საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტში ვმუშაობდი, ვიყავი საფრანგეთის ელჩი გაეროში, მეკავა სხვა მაღალი თანამდებობები და სანამ ცოცხალი ვარ, ევროპაში საქართველოს ინტერესების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ.“
ვიკიციტატა
„იამაყეთ, რომ ქართველები ხართ, რადგან საქართველოს წარსული და ისტორია ამის საშუალებას გაძლევთ. მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს.“

კლოდ დე კემულარიას ფეშენებელური ოფისი მდებარეობს ელისეს მინდვრებზე, ე.წ. შანზ-ელიზეზე. მეუღლე – შანტალი; ქალიშვილი – ელისაბედი; შვილიშვილები – ელეონორა, გრეგორი და ედვარდ–ტარიელი. კლოდ დე კემულარია გარდაიცვალა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში, 94 წლის ასაკში.

  • ცხოვრება გაშლილი ფრთებით: მემუარები, თბ., 2010, გვ. 392
  • ფრანგული დღიური, გ. შარაძე, თბ., 1990, გვ. 110-112
  • პარიზი: კლოდ დე კემულარია, შორეული-ახლობელი, ნ. კობიაშვილი, თბ., 2010, გვ. 241-246

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]