კლოდეტ კოლბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდეტ კოლბერი
დაბადების სახელი ემილი კლოდეტ შოშუანი
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1903
სენ-მანდე, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1996 (92 წლის)
სპაიტსტაუნი, ბარბადოსი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1925–1965, 1974–1987
მეუღლე(ები)
  • ნორმან ფოსტერი (იქ. 1928; განქ. 1935)
  • ჯოელ პრესმანი (იქ. 1935; გარდ. 1968)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1934 — ეს მოხდა ერთხელ ღამით

კლოდეტ კოლბერი (ინგლ. Claudette Colbert; დაბადებით ემილი კლოდეტ შოშუანი; დ. 13 სექტემბერი, 1903 — გ. 30 ივლისი, 1996) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ჰოლივუდის წამყვანი ლედი, რომელიც მოიხსენიებოდა როგორც „განუმეორებელი სილამაზის, გაწაფულობის, საზრიანობისა და სიმხნე-სიხალისის ნარევი“.

თავისი კარიერა დაიწყო 1920-იანი წლების ბოლოს ბროდვეის დადგმებში და ხმოვანი კინოს გაჩენისთანავე კინოში გადავიდა. თავდაპირველად თანამშრომლობდა Paramount Pictures-თან, ხოლო შემდეგ შტატგარეშე მსახიობად მუშაობდა. ელი ენდრიუსის როლის შესრულებისთვის ფილმში „ეს მოხდა ერთხელ ღამით“ გადაეცა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (1934). სხვა ცნობილი ფილმებიდან აღსანიშნავია: „კლეოპატრა“ (1934) და „პალმ-ბიჩის ისტორია“ (1942).

თავისი მრგვალი სახით, დიდი თვალებით, მომხიბვლელობით, არისტოკრატიული მანერით, მსუბუქი კომედიური და ემოციური დრამატული ნიჭის წყალობით, კოლბერმა სახელი გაითქვა როგორც მრავალმხრივმა მსახიობმა, რის გამოც 1930-1940 წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ითამაშა 60-ზე მეტ ფილმში. კოლბერი იყო ინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი 1938 და 1942 წლებში. გადასაღებ მოედანზე მისი ხშირი პარტნიორები იყვნენ ფრედ მაკმიურეი შვიდ ფილმში (1935-49) და ფრედრიკ მარჩი ოთხ ფილმში (1930-33).

1950-იანი წლების დასაწყისში კოლბერი არსებითად ეკრანს ჩამოსცილდა და ტელევიზიასა და თეატრს მიემხრო და მიიღო ტონის ჯილდოს ნომინაცია პიესაში „ქორწინება შემოვლით“ 1959 წელს. მისი კარიერა დაღმავლობას განიცდიდა 1960-იანი წლების დასაწყისში, თუმცა 1970-იანი წლების ბოლოს ადგილი ჰქოდა მისი კარიერის გამოცოცხლებას თეატრში და მიიღო სარა სიდონზის ჯილდო ჩიკაგოს თეატრში შესრულებული სამუშაოსათვის 1980 წელს. შესრულებული როლისთვის სატელევიზიო მინისერიალში „ორი მისიზ გრენვილზი“ (1987) მიენიჭა ოქროს გლობუსი და ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე.

1999 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა კლოდეტ კოლბერი სიკვდილის შემდგომ AFI-ის 100 წელი... 100 ვარსკვლავის ჩამონათვალში მე-12 ადგილზე განაწესა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]