კლდის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლდის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე გორაკის გავაკებულ მოედანზე. აგებულია ბლოკით, გარედან შემოსილია ღია აგურისფერი ჰორიზონტალურღარიანი ფილებით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამნავიანი ბაზილიკა შვერილაფსიდიანია (13,X8,7 მ.). ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. მის წინ ოთხ სვეტიანი კარიბჭე-სამრეკლო დგას. დარბაზის სივრცე ორი წყვილი სვეტით სამ ნავადაა დაყოფილი. აფსიდის მხრებსა და სვეტების პირველ წყვილს ქართულ ხუროთმოძღვრებაში მიღებული თაღის ნაცვლად ჰორიზონტალური რიგელი აკავშირება, სვეტიდან სვეტზე გადასვლა და დასავლეთის კედელთან დამაკავშირებელი თაღი შეცვლილია „გატეხილი“ რიგელით. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია წყობითა და ნალესობით გამოყვანილი კანკელით. კანკელში აღსავლის კარის გარდა კიდევ ორი კარია უშუალოდ სამკვეთლოსა და სადიაკვნეს წინ. აღსავლის კარის გვერდებზე მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებისათვის თაღოვანი ნიშებია დატოვებული. კანკელის მიღმა საკურთხევლის, სამკვეთლოსა და სადიაკვნის ერთიანი სივრცეა. ტაძრის ინტერიერი მთლიანად გალესილია. გრძივ კედლებში გვერდითი ნავების სივრცეს ორ-ორი სარკმელი ანათებს. ცენტრალური ნავის გასანათებლად ზემოტ სიმაეტრიულად განლაგებული ორ-ორი სარკმელია. საკურთხევლის სარკმელი საკმაოდ მაღალია.

ტაძრის ფასადები მოპირკეთებულია აგურისფერი ფილებით, შენობის კუთხეები, სარკმელტა საპირეები ბრტყელი სადა ზოლებითაა დაფარული. დასავლეთის ფასადზე წმინდა ნონოს დაწეულმკლავებიანი ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარსაგიშვილი გ., „კლდის მინდა ნინოს ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 532