კვიპაროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კვიპაროზი
ხმელთაშუაზღვის კვიპაროზი
ხმელთაშუაზღვის კვიპაროზი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: კვიპაროზისებრნი
გვარი: კვიპაროზი
ლათინური სახელი
Cupressus

კვიპაროზი (Cupressus) — მარადმწვანე ხეების, იშვიათად — ბუჩქების, გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახიდან. პირამიდული ან გაშლილვარჯიანი ხეა. აქვს ყავისფერი ქერქი და ჯვარედინ-საპირისპიროდ განლაგებული ქერქლისებრი წიწვები. მეტნაკლებად მსხვილი, ბურთის ფორმის გირჩები დარგვიდან მეორე წელს მწიფდება. გვარში 15-20 სახეობაა. გავრცელებულია ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერად თბილ სარტყელში. ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის ზოგ რაიონში კულტივირებულია კვიპაროზის 11 სახეობა.

საქართველოში 9 სახეობაა შემოტანილი. მათგან უფრო ფართოდაა გავრცელებული მარადმწვანე კვიპაროზი (Cupressus sempervirens). ამ ხის სიმაღლე 30-60 მ აღწევს. ცნობილია მისი ორი ფორმა: პირამიდული და ჰორიზონტული. კვიპაროზი მეზოფიტია, იტანს 20°C-მდე ყინვას, ნიადაგის მიმართ საკმაოდ უპრეტენზიოა.

კვიპაროზის სამშობლოდ ითვლება ჰიმალაის მთების სამხრეთ კალთები. XIX საუკუნემდე პირამიდულ კვიპაროსს საქართველოში ალვის ხეს ეძახდნენ. ეს სახელი საქართველოში მაზდეანობის გავრცელებას უკავშირდება. სახელი „ალვის ხე“ ანუ „წვის ხე“ თავისი ვიწრო, პირამიდული ჰაბიტუსის გამო, მართლაც, უხდებოდა მარადმწვანე კვიპაროსს, როგორც მაზდეანური სარწმუნოების სიმბოლოს.

საქართველოში ასევე იზრდება ლუზიტანური, ჰიმალაური, არიზონული და სხვა კვიპაროსები, რომლებსაც იყენებენ ქარსაფარ ზოლებად და დეკორატიულ ბაღმშენებლობაში.

კვიპაროზის სინონიმია სარო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]