შინაარსზე გადასვლა

კარლ ფილიპი (ვერმლანდის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კარლ ფილიპი (ვერლანდის ჰერცოგი))
კარლ ფილიპი
სრული სახელი
კარლ ფილიპ ედმუნდ ბერტილი
წოდებები
ვერმლანდის ჰერცოგი
დაიბადა 13 მაისი, 1979 (1979-05-13) (45 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
საგვარეულო ბერნადოტები
მეუღლე(ები) სოფია ჰელქვისტი
შვილ(ებ)ი ალექსანდრე, სედერმანლანდის ჰერცოგი
გაბრიელი, დალარნას ჰერცოგი
მამა კარლ XVI, შვედეთის მეფე
დედა სილვია სომერლატი
რელიგია ლუთერანიზმი

პრინცი კარლ ფილიპი (შვედ. Prins Carl Philip; დ. 13 მაისი, 1979, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის კრონპრინცი დაბადებიდან 1979 წლის 31 დეკემბრამდე. შვედეთის პრინცი და ვერმლანდის ჰერცოგი 1980 წლიდან. შვედეთის მეფე კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვია სომერლატის შუათანა შვილი, კრონპრინცესა ვიქტორიას უმცროსი და პრინცესა მადლენას უფროსი ძმა. შვედეთის ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე დისა და დისშვილების შემდეგ.

პრინცი კარლ ფილიპი დაიბადა 1979 წლის 13 მაისს სტოკჰოლმში. იგი არის შვედეთის მეფე კარლ XVI-ისა და დედოფალ სილვია სომერლატის მეორე შვილი სამიდან და ერთადერთი ვაჟი. იგი 1979 წლის 31 აგვისტოს მონათლეს. კარლ ფილიპი მამის მხრიდან ფრანგული წარმოშობის შვედია, დედის მხრიდან კი გერმანელ-ბრაზილიელი.

დაბადებისას მას კრონპრინცის წოდება მისცეს, თუმცა 1980 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ფემინისტური კანონი, რომლის მიხედვითაც ტახტი მეფის პირველ შვილს უნდა დარჩენოდა, მიუხედავად სქესისა, ამიტომაც იგი უბრალოდ პრინცი გახდა, მისი უფროსი და, ვიქტორია კი კრონპრინცესა.

პრინცი კარლ ფილიპი მონაწილეობს 2008 წლის რბოლაში

1984-86 წლებში იგი ვესტერლედის დაწყებით სკოლაში სწავლობდა, 1986 წლიდან კი ბრომას საშუალო სკოლაში შევიდა, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. 1994 წელს პრინცი კარლ ფილიპი დიდ ბრიტანეთში გადავიდა, სადაც იგი კენტის უმაღლეს სკოლაში დადიოდა. სასკოლო განათლების მიღება მან მხოლოდ 1999 წელს დაასრულა. ამის შემდეგ, 2007-2008 წლებში იგი როდის კუნძულის დიზაინის სკოლაში გრაფიკული დიზაინის განხრით სწავლობდა. 2011 წელს მან დაასრულა აგროკულტურისა და სოფლის მეურნეობის მენეჯმენტის შესწავლა შვედეთის აგროკულტურულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში. აღსანიშნავია, რომ კარლ ფილიპს, ისევე, როგორც მეფე კარლ XVI-სა და კრონპრინცესა ვიქტორიას, დისლექსია აქვს.

პრინცი კარლ ფილიპი ჩართულია მრავალ სპორტულ ღონისძიებაში. მას განსაკუთრებით უყვარს ფეხბურთი, ცურვა, ნაოსნობა და ციგურაობა. იგი ასევე დაინტერესებულია ავტორბოლებით, რომლის ინტერესიც მას ბიძის, პრინცი ბერტილისაგან გადაეცა. 2013 წლიდან მოყოლებული იგი სკანდინავიის მანქანების ტურის ჩემპიონატში ყოველ წელს მონაწილეობს შვედეთის სახელით.

2013 წელს პრინცმა კარლ ფილიპმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომლის მიზანიცაა ფინანსურად არასტაბილური, თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარება და მათთვის სპორტული კარიერის შექმნა. 2015 წელს მან ცოლთან ერთად ქორწინების აღსანიშნავად დააარსა კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მიმართულია ბულინგის წინააღმდეგ. გარდა ამისა, იგი ისეთი კომპანიების მფარველია, როგორებიცაა: შვედეთის ეროვნული დისლექსიის ასოციაცია, შვედეთის სოფლის მეურნეობისა აგროკულტურების საზოგადოებები, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, მოტორიანი ნავების შვედური სამეფო კლუბი და ა.შ.

კარლ ფილიპი და სოფია ჰელქვისტი ქორწინების დღეს

1999-2009 წლებში პრინცი კარლ ფილიპი ემა პერნალდს ხვდებოდა, რომელიც წლების განმავლობაში PR-ში მუშაობდა. 2009 წლის მარტში წყვილი დაშორდა. აღსანიშნავია, რომ არც პრინცმა და არც ემამ არ განაცხადეს, თუ რა გახდა დაშორების მიზეზი, რომელიც დღემდე უცნობია საზოგადოებისათვის.

2010 წლის აპრილში შვედურმა პრესამ გამოაცხადა, რომ პრინცს ურთიერთობა ჰქონდა მოდელ სოფია ჰელქვისტთან. იმავე წლის აგვისტოში სამეფო კარის სპიკერმა მათი ურთიერთობა დაადასტურა. 2014 წლის 27 ივნისს კარლ ფილიპი და სოფია დაინიშნენ. 2015 წლის 13 ივნისს სტოკჰოლმის სამეფო სასახლის სამლოცველოში მათ ჯვარი დაიწერეს. როგორც შემდეგში გაირკვა, სოფიას სამეფო ოჯახის წევრები არც ისე თბილად შეხვდნენ, თუმცა თავად სოფიამ განაცხადა, რომ პირიქით, ოჯახში მალე მიიღეს.

2016 წლის 19 ივლისს პრინცესა სოფიამ პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. პატარა პრინცს დაბადებისთანავე მიანიჭეს სედერმანლანდის ჰერცოგის წოდება. 2017 წლის 31 აგვისტოს პრინცესამ მეორე ვაჟი გააჩინა, სახელად გაბრიელი, რომელიც დალარნას ჰერცოგი გახდა.

2019 წლის 7 ოქტომბერს წყვილმა განაცხადა, რომ მათ ვაჟებს სამეფო სტატუსი გაუუქმეს, თუმცა მათ დარჩებოდათ ჰერცოგების წოდება და სამეფო ტახტის მემკვიდრეების სიაშიც იმავე პოზიციას ინარჩუნებდნენ. კარლ ფილიპისა და სოფიას განცხადებით, ამით მათ თავიანთ შვილებს უფრო მეტი არჩევნისა და თავისუფალი ცხოვრების საშუალება მისცეს.

  • "Biografi" [Biography] (in Swedish). Royal Court of Sweden. Retrieved 20 April 2016.
  • "Historical Museum Gets a New Identity". RISD. Archived from the original on 22 December 2015. Retrieved 18 December 2015.
  • "Med Drottningholmsom lekplats". Dagens Nyheters bilaga (in Swedish). 16 May 2010. p. 25. 'Rätt snart upptäcktes att Victoria hade ärvt faderns dyslexi och hon kämpade hårt för att hålla jämna steg med klasskamraterna.
  • Streib, Lauren (27 May 2008). "The 20 Hottest Young Royals – 9. Prince Carl Philip". Forbes. Retrieved 19 June 2010.
  • informatici, Segretariato generale della Presidenza della Repubblica-Servizio sistemi. "Pranzo di Stato al Palazzo Reale". Quirinale (in Italian).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]