კარენ ვეტერჰანი
კარენ ვეტერჰანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 ოქტომბერი, 1948 |
დაბ. ადგილი | Plattsburgh |
გარდ. თარიღი | 8 ივნისი, 1997 (48 წლის) |
გარდ. ადგილი | Lyme |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ქიმიკოსი |
მუშაობის ადგილი | დარტმუთის კოლეჯი |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი და St. Lawrence University |
კარენ ელიზაბეტ ვეტერჰანი (დ. 16 ოქტომბერი, 1948 – გ. 8 ივნისი, 1997) — ამერიკელი მეცნიერი, ქიმიკოსი, დართმუზის კოლეჯის (ნიუ-ჰემფშირი) პროფესორი. სწავლობდა ტოქსიკური ლითონების ზემოქმედებას ცოცხალ ორგანიზმებზე. გარდაიცვალა ვერცხლისწყლით მოწამვლის შედეგად 48 წლის ასაკში ორგანული ვერცხლისწყლის ნაერთის დიმეთილვერცხლისწყალის (Hg(CH 3 ) 2 ) შემთხვევითი ზემოქმედების გამო. ხელთათმანები, რომლებსაც იყენებდა ლაბორატორიაში მუშაობის დროს, ვერ უზრუნველყოფდა საკმარის დაცვას. შედეგად, ქიმიური ნივთიერების მხოლოდ რამდენიმე წვეთის ზემოქმედებამ გამოიწვია პროფესორის კომაში ჩავარდნა თითქმის ექვსი თვის შემდეგ.
ვეტერჰანი დაიბადა პლატსბურგში (ნიუ-იორკი). სწავლობდა წმინდა ლოურენსის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. [1] 1976 წელს დაიწყო მუშაობა დართმუზის კოლეჯში და გამოაქვეყნა 85-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. [1]
1990 წელს ვეტერჰანი მონაწილეობდა დართმუზის კოლეჯის პროექტის „ქალები მეცნიერებაში“(WISP) შექმნაში, რამაც ხელი შეუწყო დართმუზის კოლეჯში მეცნიერების შემსწავლელი ქალების პროცენტის 13-დან 25 პროცენტამდე გაზრდას და გახდა ნიმუში სხვა მსგავსი პროექტებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
უბედური შემთხვევა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1996 წლის 14 აგვისტოს, ვეტერჰანი, როგორც ტოქსიკური მეტალების ზემოქმედების ექსპერტი, იკვლევდა ვერცხლისწყლის იონების ურთიერთქმედებას დნმ-ის აღმდგენ პროტეინებთან და ასევე გამოიკვლია სხვა უაღრესად ტოქსიკური მძიმე მეტალის, კადმიუმის ტოქსიკური თვისებები.
დიმეთილვერცხლისწყალი გამოიყენებოდა, როგორც ეტალონი ბირთვული მაგნიტური რეზონანსის (NMR) გაზომვების დროს 199 Hg. [2]
როგორც მოგვიანებით ვეტერჰანმა ძლივს გაიხსენა, მას დაეღვარა დიმეთილვერცხლისწყალის ერთი ან ორი წვეთი პიპეტის წვერიდან ლატექსის ხელთათმანის ზურგზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი არ ჩათვალა საშიშროების შემცველად, მიიღო ყველა რეკომენდებული სიფრთხილის ზომა, გაასუფთავა სამუშაო ადგილი ვიდრე დამცავ ტანსაცმელს გაიხდიდა. [3] თუმცა, შემდგომმა ტესტებმა აჩვენა, რომ დიმეთილვერცხლისწყალს სწრაფად შეუძლია შეღწევა სხვადასხვა ტიპის ლატექსის ხელთათმანში და შემდგომ კანში დაახლოებით 15 წამში. [2] მის სხეულში ვერცხლისწყლის შეღწევის დრო დადასტურდა თმის ანალიზით, რომელმაც აჩვენა ვერცხლისწყლის დონის მკვეთრი მატება ინციდენტიდან 17 დღის შემდეგ, პიკს მიაღწია 39 დღის შემდეგ და შემდეგ თანდათან იკლო. [3]
ინციდენტიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, ვეტერჰანს პერიოდულად დაეწყო დისკომფორტი მუცელში და შენიშნა წონის მნიშვნელოვანი კლება. ვერცხლისწყლით მოწამვლის უფრო ტიპიური ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის წონასწორობის დაკარგვა და გაურკვეველი მეტყველება, გამოჩნდა ხუთი თვის შემდეგ, 1997 წლის იანვარში. ამ ეტაპზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტმა აჩვენა, რომ ვეტერჰანი ძლიერ იყო ვერცხლისწყლით მოწამლული. ვერცხლისწყლის შემცველობა შარდში იყო 234 მკგ ლიტრზე, ნორმალური მაჩვენებლით 1-დან 5 მკგ/ლ-მდე და ტოქსიკური კონცენტრაციით დაწყებული 50 მკგ/ლ-დან. [3]
აქტიური თერაპიული მკურნალობის მიუხედავად, მეცნიერის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა. პირველი ნევროლოგიური სიმპტომების გაჩენიდან სამი კვირის შემდეგ, ვეტერჰანი ვეგეტატიურ მდგომარეობაში ჩავარდა, რასაც ენაცვლებოდა ინტენსიური აგზნებადობის ხანმოკლე პერიოდები. სამი თვის შემდეგ ვეტერჰანს მოუხსნეს ინტენსიური თერაპია თავისივე მითითებით, ვიდრე კომაში ჩავარდებოდა. იგი გარდაიცვალა 1997 წლის 8 ივნისს.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვეტერჰანის სიკვდილმა შოკში ჩააგდო არა მხოლოდ დართმუზის კოლეჯის მთელი ქიმიის განყოფილება, არამედ მარეგულირებელი ორგანოებიც, რადგან მოწამვლა მოხდა უსაფრთხოების ყველა ზომების მიღების მიუხედავად, მათ შორის, ლატექსის ხელთათმანებისა და გამწოვის გამოყენებით. ვეტერჰანის მოწამვლის შემდეგ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დიმეთილვერცხლისწყალის მცირე, არაპოლარული მოლეკულა ქიმიკოსების მიერ გამოყენებული ხელთათმანების უმეტესობაში აღწევდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამ მიზეზის გამო, ამჟამად დიმეთილვერცხლისწყალთან და მსგავს საშიშ ნივთიერებებთან მუშაობისას რეკომენდებულია ზედმეტად გამძლე, ელასტიური, ლამინირებული ხელთათმანების ტარება. ამ შედარებით თხელ ხელთათმანებს ზემოდან ემატება ზედმეტად გამძლე გარე ხელთათმანები გრძელი მანჟეტებით, როგორიცაა ნეოპრენი.
იმ დროს, დიმეთილვერცხლისწყალი იყო საერთო კალიბრაციის ეტალონი 199 Hg NMR სპექტროსკოპიისთვის, რადგან მას რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა ალტერნატივებთან შედარებით. ვეტერჰანის შემთხვევის შემდეგ, უსაფრთხოების რეკომენდაციები გადაიხედა და დიმეთილვერცხლისწყალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი მიზნით.
დართმუზის კოლეჯმა დააწესა ვეტერჰანის ჯილდო, ქალების სამეცნიერო კარიერაში წახალისების მიზნით. შეძლებისდაგვარად, ჯილდოს მინიჭებისას უპირატესობა ქალებს ენიჭებათ. [4] გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ასევე ყოველწლიურად აჯილდოვებს ასპირანტებს ან მეცნიერ თანამშრომლებს კარენ ვეტერჰანის საპატივსაცემოდ. [5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „Karen Wetterhahn; Dartmouth Scientist“. Los Angeles Times. 1997-06-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2019-05-03.
- ↑ 2.0 2.1 The Karen Wetterhahn story. ციტირების თარიღი: 2014-07-15
- ↑ 3.0 3.1 3.2 (ინგლისური).
- ↑ The Karen E. Wetterhahn Graduate Fellowship in Chemistry. ციტირების თარიღი: 2014-07-15
- ↑ Karen Wetterhahn Memorial Award. ციტირების თარიღი: 2014-07-14