კარაპეტ გრიგორიანცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარაპეტ გრიგორიანცი (დ. 1870, სოფ. გულალი, ახლანდ. აიგეძორი, სომხეთი, – გ. 1943, თბილისი) — სომეხი თვითნასწავლი მხატვარი, მწერალი. მოღვაწეობდა თბილისში.

დაიბადა ახლანდ. ჩრდილო-აღმოსავლეთი სომხეთის ტავუშის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმებთან ერთად თბილისში გადმოსახლდა და გავლენიანი მოქალაქის არტემ იუზბაშევის (გ. 1897) მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა; ქართული თელავში სომეხ მღვდელთან შეისწავლა. ერთხანს თელავის ბაზარში ვაჭრობდა. 1884 წელს თბილისში დაბრუნდა და ხატვას მიჰყო ხელი. 1890 წელს ჯვრის მამის ქუჩაზე საკუთარი სახელოსნო გახსნა. ძირითადად ხატავდა პორტრეტებსა (მ.შ., თამარ მეფის, შოთა რუსთაველის) და ნატურმორტებს. შემორჩენილია გრიგორიანცის 40-მდე ნამუშევარი, რომელთა უმეტესობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. იოსებ გრიშაშვილი „ძველი ტფილისის ლიტერატურულ ბოჰემაში“ კარაპეტ გრიგორიანცს ახსენებს როგორც ლიტერატორს, 1910 წელს გამოცემული ლექსების კრებულის ავტორსა და სომხურად „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელს. 1894 წელს თბილისის არაქსიანის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ძმისმკვლელი“. გრიგორიანცის ტექსტების უმეტესობა დაკარგულია. შემორჩენილია ქართულ ენაზე დაწერილი „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები“, რომელიც ძველი თბილისის ყოფის სხვადასხვა მხარეს აღწერს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1943 წელს, 73 წლის ასაკში. მისი საფლავი დაკარგულია.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგორიანცი, კარაპეტ. „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“. ლიტერატურის მუზეუმი, თბილისი. 2011 – 118 გვ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რეხვიაშვილი, ჯიმშერ. კარაპეტ გრიგორიანცის ძველი თბილისი. რადიო თავისუფლება, RFE/RL. დეკემბერი 09, 2011.