კანის ფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადგილობრივთა კანის ფერის რუკა,

ადამიანის კანის ფერი, ძირითადად, მელანინის ყავისფერი პიგმენტით განისაზღვრება. კანში მელანინის რაოდენობა გენეტიკით არის გაპირობებული, თუმცაღა, გარკვეული ინტერვალის ფარგლებში, კანზე მოხვედრილ ინტენსიურ ულტრაიისფერ გამოსხივებაზეც. კანის ფერის განმსაზღვრელი მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი მის ქვეშ მდებარე სისხლ-ძარღვების ბუნებაა. მათი გაფართოებით ან შევიწროვებით, შეიმჩნევა შეწითლება ან კანის გაბაცება.

კანის ფერი მთელ სხეულზე თანაბარზომიერი არ არის. ხელის და ფეხისგულები მელანინს არ შეიცავს, ამიტომ, მათზე კანი უფრო ღია ფერისაა. ტუჩები, ისევე, როგორც ლორწოვანი გარსი წითლად არის შეფერილი. კანი თითისწვერებზე, ყურებსა და ცხვირზეც ოდნავ მოწითალოა, რამდენადაც სისხლ-ძარღვები ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული. კერტების ადგილას კანი საკმაოდ მუქია მელანინის კონცენტრაციის სიჭარბის გამო.

დღევანდელი მეცნიერება იქიდან ამოდის, რომ კანის ფერი განსაზღვრულ მოსახლეობაში მზის გამოსხივების შედეგად კონკრეტულ საცხოვრებელ არეალში ყალიბდება.

მელანინი ამასთანავე მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის ფუნქციასაც ასრულებს, მის გარეშე კანი გაცილებით ადრე დაბერდებოდა, ასევე კანის კიბოს დაავადების გაჩენის მომეტებულ რისკს ექნებოდა ადგილი. მელანინი უჯრედის გენეტიკური კოდის დამაზიანებელი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას ანელებს. ქალებს კანი, საშუალოდ, სამი-ოთხი ტონით ღია ფერი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.

ალბინოსებს მელანინი საერთოდ არ აღენიშნებათ გენეტიკური მუტაციის გამოისობით. ამის შედეგად, მათ არამხოლოდ კანი, არამედ, თმაც ღია ფერისა აქვთ. კანის ფერი ხშირად სტერეოტიპების წყაროდ გვევლინება. კანის ფერის მიხედვით კაცობრიობის რასებად დაყოფა ხშირად რასიზმთანაა დაკავშირებული.