კამელოტი (ინგლ.Camelot) — 2011 წელს გამოსული ბრიტანულ-ამერიკული ისტორიულ-ფენტეზის ჟანრის მინი-ტელესერიალი, რომელიც მოგვითხრობს ბრიტანეთის ლეგენდარული მეფის, არტურის გამეფებისა და აღზევების ისტორიას.
სერიალის გადაღებები 2010 წლის ზაფხულში დაიწყო[1][2]. საპილოტე ეპიზოდი ეთერში 2011 წლის 25 თებერვალს გავიდა[3]. მის დებიუტს ძლიერი შეფასებები მოჰყვა და შემდეგში ემის ჯილდოც მოიპოვა ორიგინალური ქუდის მუსიკისათვის. იგეგმებოდა მისი რამდენიმე სეზონის გადაღება, მაგრამ 2011 წლის 30 ივნისს ტელეკომპანია Starz-მა გამოაცხადა, რომ ახალი სეზონის შეკვეთას აღარ აპირებდნენ, რისი მიზეზიც მთავარ მსახიობებს, ევა გრინს, ჯეიმი კამპბელ ბოუერსა და ჯოზეფ ფიენს შორის არსებული კონფლიქტი გახდა[4][5].
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სერიალის მოქმედება მეხუთე საუკუნის ბრიტანეთში ხდება. რომაელთა ბატონობა ახალი დასრულებულია, ბრიტანეთში რამდენიმე სამეფოა ჩამოყალიბებული, რომელთა შორისაც გამუდმებული შუღლი და ომი მძვინვარებს. კამელოტის მეფე უთერის მოულოდნელი გარდაცვალებით კი მთელს ბრიტანეთს ქაოსში ჩაძირვის საფრთხე ემუქრება. ამ პირობებში კამელოტის ტახტის დაკავებას უთერის ქალიშვილი, მორგანა ცდილობს, რომელმაც მოწამლა მამა და აქვს ჯადოქრობის ნიჭი.როგორც ირკვევა, მეფე უთერმა თავისი პირველი ცოლი, ანუ მორგანას დედა, უსამართლოდ მოკლა თავისი საყვარლის გამო, მორგანა კი მონასტერში გაუშვა, რამაც იგი გააბოროტა და გადააწყვეტინა მამაზე შურისძიება. თუმცაღა, მის გადედოფლებას ერთი ძლიერი მოწინააღმდეგე უჩნდება. გამოჩენილ წინასწარმეტყველ მერლინს ხილვები აქვს, რომელთა მიხედვითაც იგი ხედავს, რომ მეფე უთერს თავისი მეორე ცოლისაგან დარჩა ძე, იმპულსური ხასიათის ახალგაზრდა პრინცი არტური, რომელიც ტახტის პირველი მემკვიდრეა. როგორც ირკვევა, არტური დაბადების შემდეგ გლეხების ოჯახში გააშვილეს, თუმცა მერლინი მას პოულობს და კამელოტში ჩაიყვანს. იქ მას თან მიჰყავს თავისი გამზრდელი მამა და მისი ვაჟი, კამელოტში კი არტურს მისი ბიოლოგიური დედა, ლედი იგრაინი ხვდება სერ ლანსელოტთან და სხვა მის მოკავშირე რაინდებთან ერთად. თუმცაღა, არტურმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მომავალი მეფეა, რისთვისაც იგი იძულებულია აძვრეს ჩანჩქერის თავზე და ამოიღოს იქ ჩარჭობილი ღვთიური მახვილი, რომლის ამოღებასაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთის ნამდვილი მეფე შეძლებდა. იგი მახვილს იღებს, მეფედ ჯდება და იწყებს დანგრეული კამელოტის ხელახლა აშენებას, რის პარალელურადაც მორგანა თავის მოკავშირე მეფე ლოტთან ერთად ჯარებს აგროვებს მის დასამხობად.
ბრძოლაში დამარცხების შემდეგ მეფე ლოტი კვდება და არტური ტახტს ინარჩუნებს, თუმცა მორგანა გადარჩა და უთერის ძველ სასახლეში რჩება. მალევე მის მთავარ მოკავშირეებად გვევლინება ბოროტი მონაზონი სიბილა, რომელიც მორგანა პენდრაგონს ეხმარება არტურის წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვაში.
რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მორგანა გადაწყვეტს, რომ ძმას თავი მეგობრად მოაჩვენოს, რის გამოც თავის ციხესიმაგრეში მის პატივსაცემ ნადიმს მართავს, სადაც იგი მის მოწამვლას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. სერიალის უკანასკნელ ეპიზოდში მორგანა გადაწყვეტს არტურისაგან ვაჟი გააჩინოს, რაც მას მის დამხობას გაუადვილებს, ამის გამო იგი თავის ნიჭს იყენებს და არტურის საყვარელი ლედი გვინევერას სახეს იღებს, რის გამოც იგი მასთან სარეცელს იყოფს.