კალვათის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალვათის სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კალვათაში. მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე, აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

ეკლესია დარბაზულია (12,5X8,5 მ). ნაგებია უხეშად დამუშავებული რუხი ფერის ქვით. წყობა თარაზულია. გარედან კუთხეები ეკლარის თლილი ქვის ჭადრაკული წყობითაა ამოყვანილი. ეკლესიის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეზე სწორკუთხა ნიშებია განლაგებული, ორი ჩრდილოეთით და ერთი სამხრეთით. დარბაზის გრძივ კედლებში ურთიერთსიმეტრიულად გაჭრილია ორ-ორი თაღოვანი, ნაოთხალი სარკმელი და მათ შორის თითო, შიგნიდან თაღოვანი ნაოთხალი კარი. ერთი ასეთივე კარია დასავლეთ კედელშიც. საკურთხეველი დარბაზის კედლებს ერთი საფეხურით უერთდება. იატაკი ქვის ფილებითაა დაგებული. სამხრეთ ფასადზე კარ-სარკმლის საპირეები მდიდრულად არის მორთული მცენარეული ჩუქურთმით, განსაკუთრებით კარის ზედა ნაწილი. ჩრდილო ფასადზე კი კარ-სარკმლის მორთულობას ლილვოვანი საპირეები წარმოადგენს. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია პროფილში თაროსა და ბატიყელას ფორმის კარნიზი. ერთსაფეხურიანი ზეძირკველი ლილვოვანი არშიით ბოლოვდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8936