კაზრეთის ღვთისმშობლის ეკლესია
კაზარეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.
ეკლესია უნდა იყოს გვიან შუა საუკუნეებში აღდგენილი. თავიდან ეკლესიის ასაგებად გამოუყენებიათ მეტ-ნაკლებად კუთხეებდამუშავებული კვადრები და წყობაც თითქმის ჰორიზონტალურია. შემდეგ უკვე ნატეხი ქვითაა კედლები ამოყვანილი. შესასვლელი ორი ქონია: სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელში. სამხრეთის შესასვლელი ორივე მხრიდან ახლა სწორკუთხაა. კარის თავად გამოყენებულია გვიანი შუა საუკუნეების საფლავის ქვა, რომელზეც მებრძოლი მამაკაცია გამოსახული, თავთან სურით. ჩრდილოეთის კარი, რომელიც საკურთხევლის წინაა გაჭრილი და გარედან დიდი არქიტრავითაა დასრულებული, შიგნიდან კი სწორკუთხაა, მოგვიანებით ამოუშენებიათ. ბოლო აღდგენისას მის თავზე სარკმელია გაკეთებული. დღეისთვის ტაძარს ოთხი სარკმელი აქვს — ყველა კედელში თითო. სარკმლები თაღოვანია და შიგნით წირთხლებგაფართოებული. აფსიდა ნახევარწრიულია, მხრით გამოყოფილი დარბაზისგან. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. დარბაზი არაა დანაწევრებული პილასტრებით. არ შემორჩა მხრის იმპოსტებიც.
ფასადები სადაა, ერთადერთი გაფორმება ესაა აღმოსავლეთის სარკმლის წითელი ტუფის სადა საპირე და ამავე კედელში ჩასმული ადრე შუა საუკუნეების ბოლნური მედალიონის გამოსახულება. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩადგმულია კიდევ სამი ბოლნურმედალიონიანი სტელის ბაზა, ორი წითელი ტუფით დამზადებული და ერთი სერი. ფასადის ძირში ბოლნურმედალიონიანი მწკრივის გამოსახულებით სტელის სვეტის ფრაგმენტი დევს. ტაძრის აღდგენისა, როგორც ჩანს, დასავლეთის მხარეს მიწის დონე უკვე აწეული იყო, რის გამოც, სამხრეთის კარის გასწვრივ ჩამოჭრილი მიწის მასის შემაკავებლად ქვის ჯებირი გაუკეთებიათ, რომელშიც ერთი საფლავის ქვის ფრაგმენტია თავდაყირა ჩადგმული მხედრული წარწერით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39371