იფიგენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იფიგენია(ბერძნ.) აგამემნონისა და კლიტემნესტრას ასული (სხვა ვერსიით, თესევსისა და ელენეს ასული, რომელიც აღზარდა კლიტემნესტრამ).

როდესაც ბერძენთა ლაშქარი ტროასკენ მიემართებოდა, აგამემნონმა მოკლა არტემისის ირემი. განრისხებული ქალღმერთი ავლისში შეკრებილ ბერძნებს გამგზავრების ნებას არ რთავდა, აგამემნონმა თავისი ქალიშვილის, იფიგენიას მსხვერპლად შეწირვა აღუთქვა ღვთაებას (არსებობს განსხვავებული ვერსიაც, თითქოს ეს აღთქმა აგამემნონს იფიგენიას დაბადებამდე დაედო და არ შეესრულებინა). მეფემ თავისი ასული ავლისში იხმო სახელოვან აქილევსზედაქორწინების საბაბით. გახარებული იფიგენია დედასთან ერთად ეწვია ზღვისპირა ქალაქს, მაგრამ გაცუდდა მისი სიხარული. საქორწინო ზეიმის ნაცვლად მისთვის სამსხვერპლო კოცონს ამზადებდნენ აქაველები. როდესაც იფიგენიას ამცნეს სიმართლე, არ შემდრკალა. ის დამორჩილდა საერთო ნებას. მაგრამ არტემისმა შეიბრალა ქალწული და აბრიალებულ კოცონზე იგი ირმით შეცვალა. იფიგენიას კი ტავრისში მდებარე თავისი ტაძრის ქურუმობა უბოძა. ეს ადგილი მცირეაზიის სანაპიროზე მდებარეობდა და იქური ადათის თანახმად, იფიგენიას მოვალეობა იყო ტაძრის მიწად აღმოჩენილი ყოველი უცხოელის მსხვერპლად შეწირვა არტემისის საკურთხეველთან. ერთხელაც, ტავრისს მოადგნენ იფიგენიას ძმა ორესტესი და მისი მეგობარი პილადესი. მათ ორაკულის ბრძანებისამებრ ატიკაში უნდა ჩაეტანათ არტემის ტავრისელის გამოსახულება. აქ მათ იგივე ბედი ელოდათ, რაც სხვა უცხოელთ, მაგრამ იფიგენიამ იცნო ძმა, რომელმაც იგი ღვთაების ქანდაკებითურთ თან წაიყვანა საბერძნეთში.

იფიგენიას კულტი მჭიდროდ არის დაკავშირებული არტემისთან. ამ ღვთაებას ზოგჯერ არტემის-იფიგენიასაც უწოდებდნენ. გვიანი მითები გვამცნობენ, რომ არტემისმა იფიგენიას უკვდავება მიანიჭა და კუნძულ ლევკასზე დაასახლა, სადაც იგი ბოლოს და ბოლოს დაქორწინდა აქილევსზე, თუმცა სახელი შეიცვალა. აქ მას ორსილოქეა შეერქვა. ბერძნული მითოსის სისტემატიზატორის, ჰესიოდეს თანახმად კი იფიგენია გარდაცვალების შემდეგ აღსდგა ჰეკატეს სახით. როგორც ჩანს, იფიგენია იყო ადგილობრივი ღვთაება, რომელსაც აიგივებდნენ არტემისთან ან ჰეკატესთან. ჰომეროსთან იფიგენიას სახელია იფიანასა.

იფიგენიას მითოსზეა აგებული ევრიპიდეს ტრაგედიები „იფიგენია ავლისში“ და „იფიგენია ტავრისში“. არც რომაულ ლიტერატურას დაუტოვებია იგი უყურადღებოდ (ლუკრეციუსი, ოვიდიუსი) და არც მომდევნო ეპოქების სიტყვაკაზმულ მწერლობასა (გოეთე, ჰაუპტმანი) თუ ფერწერას (კაულბახი, ტიეპოლო, სეროვი და სხვა).იფიგენია(ბერძნ.) აგამემნონისა და კლიტემნესტრას ასული (სხვა ვერსიით, თესევსისა და ელენეს ასული, რომელიც აღზარდა კლიტემნესტრამ).

რესურსები ინტერნენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/იფიგენია