ისროლისხევის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისროლისხევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი,საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ისროლისხევში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ეკლესია ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის რუხი ფერის ქვით დუღაბზე. წყობა ქაოსურია. დარბაზული ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ჩრდილოეთ ნაწილში შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. აბსიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ტრაპეზის ქვა დგას, საკურთხეველში მოთავსებულია ოთხი სწორკუთხა ნიშა, აქედან სამი აღმოსავლეთით, ერთი სამხრეთით. სფერულ კონქზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. მათ ეყრდნობა როგორც კედლის თაღები, ასევე ნახევარცილინდრული კამა-რის საბრჯენი თაღებიც. დასავლეთი თაღები კუთხის პილასტრებს ეყრდნობა.

ეკლესია განათებულია სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმლებით. და-რბაზს ორსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ეკლესიას სამხრეთ-ით სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომლის შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთის კედელში. აქვეა მოთავსებული სწორკუთხა სარკმელიც. მინაშენის დასავლეთის კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიის გარშემო იკითხება გალავნის ფრაგმენტები. ეკლესიის კედლები დაზიანებულია. ჩრდილოეთ ფასადს დიდ ადგილზე პერანგი აქვს შემოცლილი. მინაშენის სახურავი ჩამონგრეულია. ეკლესია მიწითაა ამოვსებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 127-129