იპოთერაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


იპოთერაპია (იგივე რაიდთერაპია) — ფიზიკური, ოკუპაციური და ფსიქოლოგიური თერაპიის ფორმა, რომელშიც თერაპევტი იყენებს ცხენისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს, რათა მოახდინოს პაციენტის სპეციფიკური მოტორული და სენსორული შეგრძნებების პროვოცირება. თერაპიის მიზანია გაუმჯობესდეს ნევროლოგიური ფუნქციები და სენსორული პროცესები, რომლებიც შეიძლება განზოგადდეს ყოველდღიურ აქტივობათა ფართო სპექტრზე. იპოთერაპია სრულდება ცხენის ნაბიჯზე სვლისას, რადგან ეს უკანასკნელი ადამიანის ნაბიჯის მსგავსია. ასეთი სტანდარტული მოძრაობების გამოიყენება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ იპოთერაპიის ნეირო-ფიზიოლოგიური ეფექტის ოპტიმიზაცია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოთერაპია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან hippos, რაც ცხენს ნიშნავს. იპოთერაპია სიტყვასიტყვით ნიშნავს მკურნალობას ან თერაპიას ცხენის დახმარებით. ცნობები იპოთერაპიის შესახებ მოიპოვება ძველ ბერძენთა ჩანაწერებში. მათ შორის ყველაზე ადრეული ჩანაწერები ეკუთვნის ჰიპოკრატეს. მიუხედავად ასეთი ადრეული აღმოჩენებისა, იპოტერაპია, როგორც ფორმალური დისციპლინა 1960 წლამდე არ განვითარებულა. თავდაპირველად, მისი გამოყენება დაიწყეს გერმანელებმა, ავსტრიელებმა და შვეიცრიელებმა, როგორც დამხმარე მეთოდისა, ტრადიციულ ფიზიო-თერაპიასტან ერთად. გერმანიაში იპოტერაპიის პროცესში ჩართულნი იყვნენ ფიზიოტერაპევტი, სპეციალურად გაწვრთნილი ცხენი და ცხენის გამწვრთნელი. ფიზიოტერაპევტის მითითებით მწვრთნელი არეგულირებდა ცხენის სვლას, ტემპს და რითმს. ცხენის მოძრაობა ფრთხილად იცვლებოდა, რათა მას გავლენა მოეხდინა პაციენტის ნეიროკუნთოვან სისტემაზე. იპოთერაპიის პირველი სტანდარტიზებული კურიკულუმი შექმნეს კანადელი და ამერიკელი თერაპევტების ჯგუფმა 1980 წელს, როდესაც ისინი ეწვივნენ გერმანიას იპოთერაპიის შესახებ გამოცდილების ასათვისებლად. 1992 წელს ამერიკაში შეიქმნა იპოთერაპიის ასოციაცია, რომელმაც დააწესა თერაპიული პრაქტიკის ოფიციალური სტანდარტები. იპოთერაპია ხელმისაწვდომია საქართველოშიც. იგი ხორციელდება სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრ "რაიდმედ"-ის მიერ, რომელიც დაარსდა 2008 წელს და ასევე სარეაბილიტაციო სახლ "სათავეში", რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან. [1]

თანამედროვე იპოთერაპია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოთერაპია წარმატებით გამოიყენება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მკურნალობისათვის. სამკურნალო ცხენოსნობა გამოიყენება არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, არამედ როგორც ფსიქოლოგიური კორექციის, სოციალური ადაპტაციის და ოკუპაციური თერაპიის საშუალება. რაიდთერაპიისას პაციენტის ორგანიზმზე ზემოქმედების ორი ფაქტორია გამოკვეთილი-ბიომექანიკური და ფსიქოგენური. ამრიგად, იგი ეფექტურია როგორც ფსიქოსომატური, ასევე ბიოლოგიური ფაქტორებით პროვოცირებული დაავადებების სამკურნალოდ. ცხენის ბიომექანიკის საფუძველს წარმოადგენს მისი ზურგიდან წარმოქმნილი რხევები და მათ მიმართ ადაპტაციის გამო მხედრის ორგანიზმში ახალი ანტიგრავიტაციული სისტემის შექმნა.ცხენის ზურგიდან წარმოიქმნებიან სამგანზომილებიანი სინქრონული რხევები, რომლებიც თავისი ბიომექანიკით ადამიანის სიარული მსგავსია და იმ მოძრაობებს შეესაბამება, რომელიც ორ ჯანმრთელ ფეხზე სიარულისას სრულდება.რაც უფრო მაღალია ცხენი მით უფრო ემსგავსება მისი ნაბიჯი ადამიანის ნაბიჯს. უშუალო კონტაქტი მხედრის ტანისა ცხენის ზურგთან ქმნის ერთიან ბიოლოგიურ სისტემას "კენტავრს", რომელიც განაპირობებს დადებით სამკურნალო ზემოქმედებას, იწვევს რა რხევების იძულებით განმეორებას მხედრის ორგანიზმში (U.Schtrauss, 1983), განსაკუთრებით კი ხერხემალში (დ. წვერავა 1988). ცხენზე ჯდომისას მხედარი იღებს და თვითონაც აწარმოებს სამგანზომილებიან რხევებს, რომელიც "უნიკალურ მოძრაობას" წარმოადგენს (R. Mayberry, 1985). ის მკურნალობის ისეთი საშუალებაა, როდესაც ავადმყოფი ფიზიკურ ზემოქმედებას რხევითი მოძრაობების სახით იღებს. რაიდთერაპია, გარდა ზოგადი ზემოქმედებისა, მიზანმიმართულად მოქმედებს მხედრის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. მარტო ცხენზე ჯდომის პოზა მნიშვნელოვან სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს (E. Tauffkirchen, 1996). W. Kuprian (1983) აღნიშნავს, რომ ცხენის მოძრაობა მოქმედებს მხედრის კუნთებზე, ხერხემალზე, მენჯზე.რაიდთერაპიის ეფექტს აძლიერებს ცხენის სხეულის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც 1o-ით მეტია ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე მოსვენებულ მდგომარეობაში ან ნელი სვლის დროს, ხოლო დიდი ფიზიკური დატვირთვებისას - 40o და მეტზეც ადის, რაც შესაძლოა ხელს უწყობდეს მხედრის კუნთების რელაქსაციას (J. Bausenwein, 1974).

მინიშნებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოთერაპია გამოიყენება პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ნევროლოგიური ან სხვა ტიპის დაავადებები ან მდგომარეობები, როგორიცაა : აუტიზმი, ცერებრული დამბლა, ართრიტი, სქოლიოზი, მრავლობითი სკლეროზი, ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობის სინდრომი, ქცევითი და ფსიქოლოგიური აშლილობები. იპოთერაპიის ეფექტურობა ბევრი ამ დაავადების შემთხვევაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი და საჭიროებს მეტ კვლევას. არ არსებობს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები იპოთერაპიის ეფექტურობასთან დაკავშირებით აუტიზმის მკურნალობის დროს. არგენტინის კლინიკური საქმიანობების ეფექტიანობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დასკვნით, ამ თერაპიის ეფექტურობა საკმარისად არ დასტურდება ზემოთ აღნიშნულ დაავადებებთან მიმართებით. მისი რეკრეაციული როლი და გავლენა პაციენტთა ცხოვრების ხარისხზე საკმარისად არ არის გაანალიზებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. U.Schtrauss (1983) , დ. წვერავა (1988) , E. Tauffkirchen (1996) , W. Kuprian (1983) , R. Mayberry (1985)