შინაარსზე გადასვლა

იმუნური სისტემა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმუნური სისტემის უჯრედი - ნეიტროფილი (ყვითელი ფერის, მარჯვნივ) შთანთქავს ჯილეხის ბაქტერიებს (ნარინჯისფერი, მარცხნივ). ფერები პირობითია, გადაღებულია მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპით, შკალა 5μm

იმუნური სისტემა — ბიოლოგიური სისტემა ცოცხალ ორგანიზმში, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმის დაცვა დაავადებებისგან. ეს სისტემა რეაგირებს პათოგენთა ფართო სპექტრზე: ვირუსებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე, აგრეთვე ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებზე და ისეთ უცხო სხეულებზე, როგორიცაა მაგალითად კანში შერჭობილი ხიჭვი.

იმუნური სისტემა, ამა თუ იმ სახით, თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია. მაგალითად ბაქტერიების იმუნური სისტემა წარმოადგენს უბრალოდ ფერმენტებს, რომელიც მათ ვირუსული ინფექციებისგან იცავს. მცენარეებსა და ცხოველებში იმუნური რეაქციის სხვა საბაზისო მექანიზმებიც განვითარდა, რომლებიც დღემდე მოქმედებს. მაგალითად ფაგოციტოზი, ანტიმიკრობული პეპტიდების გამოყოფა, ანთება.

მიღებულია იმუნური სისტემების დაყოფა ორ ქვე-სისტემად: თანდაყოლილ იმუნურ სისტემად და შეძენილ იმუნურ სისტემად. თანდაყოლილი იმუნური სისტემა ყველა სტიმულზე წინასწარ დადგენილ ერთსა და იმავე რეაქციით პასუხობს. შეძენილი იმუნური სისტემა კი ორგანიზმის სიცოცხლის განმავლობაში სწავლობს სხვადასხვა სტიმულზე რეაგირებას, ცნობს იმ სტიმულებს რომელსაც ადრე შეხვედრია, და თანდათან უფრო და უფრო სწრაფ და მიზანმიმართულ პასუხებს იძლევა (სწორედ ამ თვისებას ემყარება ვაქცინაცია). ორივე სისტემა იყენებს როგორც სპეციფიურ უჯრედებს, ასევე სპეციფიურ მოლეკულებს.

ძუძუმწოვრებში იმუნური სისტემის ფორმირება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს იწყება. ნაყოფს დედისაგან იმუნური სისტემის ზოგიერთი მზა კომპონენტი გადაეცემა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი იმუნიტეტის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი დედის რძეს აკისრია. ბავშვს დაბადებისთანავე უხდება შეხება სხვადასხვა პათოგენურ მიკრობთან. ასეთ შემთხვევაში იმუნური სისტემა მაშინვე იწყებს მოქმედებას, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება და ძლიერდება.

იმუნური სისტემის არასწორი მუშაობის შედეგებია აუტოიმუნური დაავადებები, ანთებითი დაავადებები, ალერგია და ავთვისებიანი სიმსივნეები. იმუნოდეფიციტი ქვია მდგომარეობას, როცა იმუნური სისტემა საჭიროზე ნაკლებად აქტიურია და ორგანიზმს ინფექციებისგან ვერ იცავს. ადამიანებში ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი გენეტიკური დაავადება, ან აივ/შიდსის ინფექციის შედეგი, ან იმუნიტეტის დამბლოკავი წამლებით გამოწვეული მდგომარეობა. აუტოიმუნური დაავადებები კი ნიშნავს მდგომარეობას, როცა იმუნური სისტემა საჭიროზე მეტად აქტიურია და ორგანიზმის საკუთარ უჯრედებს ესხმის თავს, თითქოს ისინი უცხო ორგანიზმის უჯრედები იყოს. გავრცელებული აუტოიმუნური დაავადებებია ჰაშიმოტოს თიროიდიტი, რევმატოიდული ართრიტი, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი, წითელი მჭამელი და სხვა.

იმუნური სისტემის ყველა ასპექტის შემსწავლელ მეცნიერებას იმუნოლოგია ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]