ილია ოდიშელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე

ილია ოდიშელიძე (დ. 25 მარტი, 1865 — გ. 1925, სტამბოლი, თურქეთი) — საქართველოში მოღვაწე ქართველი გენერალი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და 1885 წელს სწავლა მოსკოვში ალექსანდრეს სახელობის მე-3 სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1888 წელს 1-ლი ხარისხით დაამთავრა სასწავლებელი და პოდპორუჩიკის წოდებით 39-ე საარტილერიო ბრიგადაში გაიგზავნა. 1891 წლის 7 აგვისტოს პორუჩიკის წოდება მიენიჭა. 1891-1894 წლებში გენერალური შტაბის ნიკოლოზის სახელობის აკადემიაში სწავლობდა, რომელიც 1-ლი თანრიგით დაამთავრა და კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებულ. საინტერესოა, რომ აკადემიაში სწავლისას ოდიშელიძის კურსელი იყო შემდეგ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი მაჰომედ სულკევიჩი. 1919 წლის 16 ივნისს სხვებთან ერთად გენერლები ოდიშელიძემ და სულკევიჩიმაც მოაწერეს ხელი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებულ სამხედრო ხელშეკრულებას. 1894 წლის 18 მაისს ოდიშელიძეს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა. 1895 წლის 4 აგვისტოს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად დაინიშნა. 1896 წლის 24 მარტს კაპიტნის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 1 ნოემბერს კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონში ასმეთაური გახდა.

ამის შემდეგ ილია ოდიშელიძე ბალტიისპირეთში გადაიყვანეს, სადაც 1897 წლის 23 სექტემბერს უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსად დაინიშნა. ეს სიმაგრე მდინარეების დასავლეთ დვინისა და ბალდერას შესართავში მდებარეობდა. რიგის ყურიდან 5 ვერსში, ხოლო ქალაქ რიგიდან 15 ვერსში სარკინიგზო ხაზით. მოსახლეობა დაახლოებით 2 ათასი კაცი იყო. 1900 წლის 28 სექტემბერს ილია ოდიშელიზე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად დაინიშნა, ხოლო 6 დეკემბერს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1902 წელს ოდიშელიძე შორეულ აღმოსავლეთში გადაყავთ. 31 ივლისს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 ბრიგადის შტაბ-ოფიცრად ინიშნება. ამავე წელს იღებს თავის პირველ ჯილდოს - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენს. 1904 წლის 27 იანვარს რუსეთ-იაპონიის ომი იწყება. 24 თებერვალს ოდიშელიძე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება. იმავე წლის 22 სექტემბერს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის (მეთაური გენერალ-ლეიტენანტი კაშტალინსკი) შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გადაყავთ. სწორედ ამ თანამდებობაზე გაატარა მან მთელი ომი. დივიზია მანჯურიის I არმიის (სარდალი გენერალ-ადიუტანტი ლინევიჩი) შემადგენლობაში შედიოდა.

1904 წელს ოდიშელიძე მდინარე შახესთან (22 სექტემბერი-5 ოქტომბერი) გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდა. იმავე წლის ბოლოს, 6 დეკემბერს კი პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის. 1905 წელს პოლკოვნიკმა ოდიშელიძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომის ყველაზე მთავარ და გადამწყვეტ ბრძოლაში მუკდენთან (19 თებერვალი-10 მარტი). იმავე წელს ილია ოდიშელიძე სამი ორდენით დაჯილდოვდა: წმინდა ანას III ხარისხის ხმლებითა და ბანტით, წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხმლებითა და ბანტით, წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხმლებით. 29 მარტს კი ოქროს იარაღი გადაეცა წარწერით "მამაცობისათვის". 1906 წლის 11 მარტს ოდიშელიძე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-3 პოლკის უფროსი გახდა. იმავე წელს გადაეცა წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით. 1907 წლის 31 ივლისს ის აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელთა მე-11 პოლკის მეთაურად დაინიშნა. 19 სექტემბერს კი წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1909 წელს ილია ოდიშელიძე შუა აზიაში გადაყავთ და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ის თურქესტანის სამხედრო ოლქში მსახურობს. 30 ოქტომბერს თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება. სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გაიცნო ილია ოდიშელიძემ შტაბს-კაპიტანი ბორის შაპოშნიკოვი. შემდგომში საბჭოთა კავშირის მარშალი, გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილე. თავის მოგონებებში შაპოშნიკოვი წერს, რომ "აკადემიის დამთავრების შემდეგ ტაშკენტში გაანაწილეს. ქალაქში ჩასვლის შემდეგ ოლქის გენერალ-კვარტირმაისტერის მოვალეობის შემსრულებელ პოლკოვნიკ ოდიშელიძეს წარუდგინეს. შუა ხნის პოლკოვნიკი, რუსეთ-იაპონიის ომისთვის წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებული ოდიშელიძე ჭკვიანი და გაბედული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდაო". ასე ახასიათებას მას შაპოშნიკოვი.

1910 წლის 16 ივლისს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა წარჩინებისთვის და ავტომატურად ოლქის სარდლის დავალებათა გენერლი გახდა. 1911 წლის 9 ნოემბერს ილია ოდიშელიძე სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორად ინიშნება. 1912 წლის 6 დეკემბერს გენერალ-მაიორი ოდიშელიძე წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წლის 9 იანვარს ილია ოდიშელიძე თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ხდება. ამ პოსტზე მოუსწრებს მას პირველი მსოფლიო ომი. ოდიშელიძის შუა აზიაში სამსახურის დროს ოლქის სარდალი კავალერიის გენერალი ალექსანდრე სამსონოვი იყო. ეს სწორედ ის სამსონოვია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოსავლეთ პრუსიაში მოქმედ მე-2 არმიას სარდლობდა და ტანენბერგთან სასტიკი მარცხი იწვნია, რომლის შემდეგაც თავი მოიკლა.

ილია ოდიშელიძეს 1914 წლის 11 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენატის წოდება ენიჭება და პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე იგზავნება. 13 ოქტომბერს ის ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის (სარდალი გენერალი რუზსკი) მე-10 არმიის (სარდალი გენერალი სივერსი) შტაბის უფროსად ინიშნება. 25 ოქტომბერს ოდიშელიძე იღებს წმინდა ანას I ხარისხის ორდენს ხმლებით. 23 დეკემბერს 1-ლი არმიის (სარდალი გენერალი ლიტვინოვი) შტაბის უფროსად გადაყავთ. ამ პოსტზეა გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე 1917 წლის 16 იანვრამდე. 1917 წლის 16 იანვრიდან 12 სექტემბრამდე ის XV საარმიო კორპუსის მეთაურია. ამის პარალელურად, 12-დან 24 აპრილამდე, ის 1-ლ არმიასაც ხელმძღვანელობდა. 1917 წლია 12 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე ოდიშელიძე დასავლეთის ფრონტზე (სარდალი გენერალი ბალუევი) მოქმედი მე-3 არმიის სარდალია.

1917 წლის 2 ოქომბერს გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე კავკასიის არმიის სარდლად ინიშნება და საქართველოში ბრუნდება. ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ილია ოდიშელიძეს კავკასიის არმიის სარდლობა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა რუსეთის არმიის დეზორგანიზაცია, დემორალიზაცია და დაშლა დაიწყო. 25 ოქტომბერს მოწყობილი გადატრიალებისა და ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ეს პროცესები უკვე შეუქცევადი გახდა. ოდიშელიძე ცდილობდა კავკასიის არმიის დაშლა შეეჩერებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. კავკასიის ფრონტი იშლებოდა და ამას ვერაფერი შეაჩერებდა. ილია ოდიშელიძის მცდელობა, რომ ოსმალეთის არმიისათვის წინააღმდეგობა გაეწია და მისი წინსვლა შეეჩერებინა უშედეგო აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაში კავკასიის ჯერ კიდევ, თუნდაც ფორმალურად, არსებული არმიის მთავარსარდალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული შენაერთების შექნას შეუწყო ხელი. 1918 წლის ზამთარში კავკასიის არმიამ ფაქობრივად არსებობა შეწყვიტა. ამ დროისათვის ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწეა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გენერალი ოდიშელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ამიერიდან ის საქართველოს სამსახურში დგება და სამი წლის მანძილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მისი პირველი პოსტი სამხედრო მინისტრის მოადგილეობა იყო. სამხედრო მინისტრ გიორგაძის 1918 წლის 24 ივნისის #17 ბრძანებით ილია ოდიშელიძე სამხერო მინისტრის ამხანაგად ანუ მოადგილედ დაინიშნა. თუმცა ამ პოსტზე მას დიდხანს არ უმუშავია. იმავე წლის 16 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე გენერალი ოდიშელიძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მინისტრის განკარგულებაში დატოვებით. ცოტა ხანში ის უკვე სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეა. იმავე წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ილია ოდიშელიძე იმ კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება, რომელსაც ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა და ჯარების სამსახურთან და მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.

ილია ოდიშელიძე იყო პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. მან 1919 წლის 1 მაისს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. 1919 წლის ივნისში ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს წევრია. 1919 წლის „ცამეტ სექტემბერს, დღის 12 საათზე და 55 წუთზე ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილის ნომერი 20, რომლითაც რუსთაველის ქუჩისაკენ მიდიოდნენ შიგ მსხდომნი მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში კავალერიის გენერალი ბარათოვი, საქართველოს ჯარის გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ბოროტ-განმზრახველებმა ესროლეს ერთი მეორეზე ორი ყუმბარა. ორივე ჩასკდა ავტომობილის ქვეშ, ავტომობილის წინა ნაწილი ნაფოტებად აქცია და მოკლა პოლკოვნიკი ალხავი, შოფერი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე, დაჭრილია ფეხებში გენერალი ბარათოვი და სახეზე გენერალი ოდიშელიძე“.

1920 წლის 4 თებერვალს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები. გენერლის აზრით მობილიზაციის შემთხვევაში საქართველოს შეიძლება ყოლოდა ქვეითთა 36 ბატალიონი, 3 ესკადრონი და ქონოდა 96 ქვემეხი და 216 ტყვიამფრქვევი. 1920 წლის ზაფხულში ილია ოდიშელიძე სამხერო მინისტრის მოადგილეა სამწყობრო მომზადების დარგში და ამავე დროს სამხედრო საბჭოს წევრი. 1920 წლის 23 სექტემბერს, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე შვებულებაში გავიდა და მინისტრის მოვალეობის შესრულება მის მოადგლეს, გენერალ ილია ოდიშელიძეს დაევალა. ოდიშელიძე მინისტრის მოვალეობას 10 ნოემბრამდე ასრულებდა. 1920 წლის 13 დეკემბერს ილია ოდიშელიძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. გენ. ოდიშელიძემ და გენ. ზაქარიაძემ წერილობითი მოხსენება გადასცეს თავდაცვის საბჭოს 1921 წლის 15 იანვარს. რესპუბლიკის თავდაცვითუნარიანობის გაუმჯობესების შესახებ.

1921 წლის 11-12 თებერვლის რამეს ლორეს ნეიტრალურ ზონაში განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართული შეიარაღებული ძალების მიერ წაგებულ იქნა. შედეგად, 16 თებერვალს დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე გადაყენებულ იქნა და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. ილია ოდიშელიძემ თავისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთხელ დაადასტურა 24 თებერვალს, მთავრსარდალ კვინიტაძესთან გამართულ თათბირზე. აქ გენერალმა ოდიშელიძემ შექმნილი ვითარების ანალიზი გააკეთა და სამომავლო მოქმედების მიმართულებებიც დასახა. ის იყო ერთადერთი ვინც თბილისის დატოვების სესახებ მთავარსარდლის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა.

1921 წლის 17 მარტს ილია ოდიშელიძემაც დატოვა სამშობლო. ის სტამბოლში დარჩა და სხვათა მსგავსად საფრანგეთში არ წასულა. სტამბოლში ყოფნის დროს მან ვრცელი მოხსენება წაიკითხა 1921 წლის ომის შესახებ. გენერალი ილია ოდიშელიძე სტამბოლშივე გარდაიცვალა. ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 1925 წელს.

სამხედრო ჯილდოები

  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი.
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით.
  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბანტით.
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ხმლებით.
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლებით.
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი.
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ხმლებით.

ლიტერატურა

  • Гогитидзе М. Грузинский Генералитет. 2001 г. Киев.
  • მ.ბახტაძე, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან 2013 წ. „არტანუჯი“

რესურსები ინტერნეტში