იზოსტაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახ. 1. იზოსტატიკური მოდელები ჯ. ერისა (1) და ფ. პრატის თანახმად (2).

იზოსტაზია, იზოსტატიკური წონასწორობა (ბერძ. isostásios — თანაბარი წონისა) — დედამიწის ქერქის გაწონასწორება მის ქვეშ მდებარე მყარსა და უფრო მძიმე სუბსტრატზე ისე, თითქოს ის არქიმედეს კანონის თანახმად ტივტივებდეს. იზოსტაზიის გამო დედამიწის ქერქი მით უფრო ღრმად არის ჩაძირული სუბსტრატში, რაც უფრო სქელი და მკვრივია (მძიმეა) ქერქი. ამიტომ მთებს, ჩვეულებრივ, აქვს „ფესვები“ (ქერქის შვერილები სუბსტრატში). იზოსტაზია, როგორც წესი, ხორციელდება არა დედამიწის ქერქის ნებისმიერ მცირე მონაკვეთზე, არამედ რეგიონულად, საკმაოდ მოზრდილ (100-200 კმ სიგანის) ბლოკებზე. იზოსტაზია გამოვლინდება შვეულის გადახრაზე დაკვირვებით, სეისმური მეთოდებით დედამიწის ქერქის სისქის გაზომვითა და უმთავრესად სიმძიმის ძალის ანომალიების განსაზღვრით.

დაკვირვება გვიჩნენებს, რომ დედამიწის ქერქი თითქმის ყველგან მიახლოებულია სრულ იზოსტაზიასთან და მნიშვნელოვან გადახრას მხოლოდ ინტენსიურ ტექტონიკურ მოძრაობათა არეებში ვხვდებით. ასე, მაგალითად, მეტად დიდი უარყოფითი იზოსტატიკური ანომალიებია ოკეანური ღარების გასწვრივ. იზოსტაზია სწრაფად მყარდება. მაგალითად, უკანასკნელი გამყინვარების დროს ბალტიისა და კანადის ფარები დაძირული იყო ყინულის სიმძიმით (თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ანალოგიურ მდგომარეობაშია ანტარქტიდა და გრენლანდია), ყინულის მოდნობის კვალდაკვალ მიმდინარეობს ამ რეგიონების აზევება წელიწადში რამდენიმე მმ სიჩქარით (ბალტიის ფარის არეში აზევების თანამედროვე სიჩქარეა 11 მმ წელიწადში). დედამიწის ქერქის მისწრაფება წონასწორობისაკენ დიდ როლს თამაშობს გეოტექტონიკაში, იგი ზღუდავს ტექტონიკურ მოძრაობებს, რომლებიც არღვევენ იზოსტაზიას.

ტერმინი „იზოსტაზია“ შემოიღო ამერიკელმა გეოლოგმა კლარენს დატონმა 1889 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბალავაძე ბ., გრავიმეტრიის კურსი, თბ., 1973;
  • Артемьев М. Е., Изостазия, "Земля и Вселенная", 1970, № 3.