ივანე კრამსკოი
ივანე კრამსკოი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 27 მაისი (8 ივნისი), 1837 |
დაბადების ადგილი | ოსტროგოჟსკი |
გარდაიცვალა | 24 მარტი (5 აპრილი), 1887 (49 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[1] |
მიმდინარეობა | პორტრეტი |
საიტი | http://www.kramskoy.info/ |
ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი (რუს. Иван Николаевич Крамской; დ. 27 მაისი [ძვ. სტ. 8 ივნისი], 1837, ოსტროგოჟსკი, ახლანდელი ვორონეჟის ოლქი — გ. 5 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი ], 1887, პეტერბურგი) — რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.
სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1857–1863). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის „პერედვიჟნიკების“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები (ლევ ტოლსტოი, 1873; ივანე შიშკინი, 1873; პავლე ტრეტიაკოვი, 1876; მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი, 1879 — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში („მინა მოისეევი“, 1882, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია: „ქრისტე უდაბნოში“, 1872. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები („ნეკრასოვი „უკანასკნელი სიმღერების“ პერიოდში“, 1877–1878; „უცნობი ქალი“, 1883; „უნუგეშო მწუხარება“, 1884 — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალთევზები, 1871
მოხუცი კაცი ყავარჯნით, 1872
ქრისტე უდაბნოში, 1872
მხატვარი ივანე შიშკინის პორტრეტი, 1873.
ლევ ტოლსტოი, 1873
ივანე შიშკინი, 1880
მარია , 1880-იანები
ფიოდორ დოსტოევსკი განსასვენებელში, 1881
უცნობი ქალის პორტრეტი, 1883
ვლადიმერ სოლოვიოვი, 1885
ალექსანდრე III, 1886
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 14.
- (რუსული) Долгополов, Игорь Викторович Мастера и шедевры: В 3 т. Т.2 — მოსკოვი: Изобраз. искусство, 1987.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Ivan Kramskoi's gallery and biography
- Ivan Kramskoi Gallery at MuseumSyndicate დაარქივებული 2013-03-15 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Union List of Artist Names — 2011.