იბრაჰიმ ქათხუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი — ოსმალთა ეგვიპტის ფაქტობრივი მამლუქი გამგებელი 1748-1754 წლებში. წარმოშობით ქართველი, კაზდაღლის სახლიდან, რომელსაც მართავდნენ კაიროში დისლოცირებულ იანიჩართა კორპუსის სამხედრო მეთაურები. დიდძალმა სიმდიდრემ მათ საშუალება მისცა, გაბატონებულიყვნენ ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე. 1735 წელს იბრაჰიმი გახდა იანიჩართა კორპუსის ჩავუში, 1738-1739 წლებში - მექაში პილიგრიმთა ქარავნის გამყოლი და ბადრაგი, კაზდაღლის სახლის მეთაური. 1748 წელს აზებანის კორპუსის ქათხუდასთან, რიდვანთან ერთად ეგვიპტიდან გააძევა ოსმალი გამგებელი რაჯაბ-ფაშა და მცირე ხნით გახდა იანიჩართა კორპუსის ქათხუდა (ქაჰია), ფორმალურად, რანგით მეორე აღას შემდეგ, მისი მოადგილე, ფაქტობრივად კი პირველი პირი და შემდეგ უკვე ამ სახელით იხსენიებოდა. ქათხუდა რიდვანთან ერთად მან შექმნა დუუმვირატი, რომელიც 1754 წლამდე განაგებდა ეგვიპტეს. დუუმვირატში წამყვანი იბრაჰიმი იყო, რომელსაც ჰქონდა ისეთი „სიძლიერე და სიდიადე, გამჭრიახობა მართვისას და უდავო ძალაუფლება, როგორისთვისაც მანამდე არავის მიუღწევია ეგვიპტეში“ (ეგვიპტელი ისტორიკოსი ალ-ჯაბარათი). იბრაჰიმი ქვეყანას ოსმალური ინსტიტუტების მეშვეობით მართავდა, ყიდულობდა მამლუქებს და ხელს უწყობდა მაღალ თანამდებობებზე მათ დაწინაურებას. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეგვიპტეს მისი სახლიდან გამოსული მამლუქები მართავდნენ, რომელთაგან ბევრი ქართველი იყო. ზოგიერთი ცნობით, იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი მეტოქეებმა მოკლეს 1754 წელს. დაკრძალულია კაიროში, მცირე კარაფას სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 100 ქართველი უცხოეთში, თბ., 2011 წ.