შინაარსზე გადასვლა

იარომირ იედლიჩკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იარომირ იედლიჩკა
დაბ. თარიღი 9 ოქტომბერი, 1901(1901-10-09)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ვინოჰრადი, პრაღა[3]
გარდ. თარიღი 1 აგვისტო, 1965(1965-08-01)[1] [2] (63 წლის)
გარდ. ადგილი ჟდიკოვი[1] [4]
მოქალაქეობა ჩეხოსლოვაკია
საქმიანობა ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მთარგმნელი, ქართველოლოგი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[3] და კარლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი[3]

იარომირ იედლიჩკა (ჩეხ. Jaromír Jedlička; დ. 9 ოქტომბერი, 1901, პრაღა — გ. 1 აგვისტო, 1965) — ჩეხი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მთარგმნელი, ქართველოლოგი, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი.

იარომირ იედლიჩკა დაიბადა პრაღაში 1901 წელს. მამამისი, ენათმეცნიერი, მის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იარომირის დედა იყო ფილოლოგი და ბელეტრისტი.

1920 წელს იარომირმა დაამთავრა პრაღის აკადემიური გიმნაზია და იმავე წელს შევიდა კარლის უნივერსიტეტში, ინგლისურ-სლავური ფილოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1925 წელს. 1927 წელს პრაღაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „რეალიზმის თეორია და პრაქტიკა ჯონ გოლზუორთისა და არნოლდ ბენეტის თხზულებებში“.

1930 წელს იარომირ იედლიჩკამ დამოუკიდებლად დაიწყო სომხური ენის შესწავლა. იგი, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გაცნობის შემდეგ, დაინტერესდა ქართული ენით და 1933 წლიდან იწყებს მის შესწავლას. რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, იედლიჩკა უკვე საფუძვლიანად ფლობდა ძველ და ახალ ქართულს. იგი დაუკავშირდა ქართველ მეცნიერებს, რომლებიც აწვდიდნენ სათანადო მასალას ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ამ მხრივ, მას დიდი დახმარება გაუწიეს კორნელი კეკელიძემ და აკაკი შანიძემ.

იარომირ იედლიჩკა თარგმნიდა ქართული მხატვრული ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშებს, წერდა მეცნიერულ გამოკვლევებს. ასწავლიდა ქართულ ენას პრაღის სავაჭრო აკადემიაში (1939–1945), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (1945–1948), 1953 წლიდან პრაღის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე იყო ქართული და სომხური ენების პროფესორი.

1957 წელს იარომირ იედლიჩკა პირველად ეწვია საქართველოს. ამ დროს მას უკვე გამზადებული ჰქონდა დასაბეჭდად „ვეფხისტყაოსნის“ ჩეხური თარგმანის ორი ვარიანტი – პოეტური და პროზაული, რომელიც 1958 წელს პრაღაში ერთ წიგნად გამოსცა. ჩეხ მკითხველს გააცნო რიგი სხვა ნაწარმოებები, მათ შორის ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, ლეო ქიაჩელის „გვადი ბიგვა“, ასევე „ქართული ხალხური ზღაპრები“ და სხვა.

საქართველოში ყოფნის დროს იარომირ იედლიჩკამ დაბეჭდა წერილები „ცისკარსა“ და „Литературная Грузия“-ში. იმოგზაურა ქართლში, კახეთში, დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე. იგი მოხიბლული იყო თბილისით, სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრებით, გელათის ფრესკებითა და ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილოებით. სამშობლოში დაბრუნებულმა იედლიჩკამ კიდევ უფრო ინტენსიურად განაგრძო ქართველოლოგიური საქმიანობა.

1972 წელს ელენე ერისთავისა და გიორგი ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა იარომირ იედლიჩკას სახელმძღვანელო „ჩეხური ენა“. წიგნის ძირითადი ნაწილი შეიცავს 30 ლექციას. სახელმძღვანელოს ახლავს ჩეხურ-ქართული და ქართულ-ჩეხური ლექსიკონები, დართული აქვს აგრეთვე გრამატიკულ თემათა საძიებელი. იგი განკუთვნილია ჩეხური ენის შემსწავლელ სტუდენტთათვის.

იარომირ იედლიჩკას ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავდა როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში. იგი ქართველ კოლეგებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას სისტემატურად აწვდიდა უცხოეთში გამოსულ ქართველოლოგიურ ლიტერატურას. ამავე დროს, იედლიჩკა თანამშრომლობდა ჟურნალთან — „ბედი ქართლისა“, ეხმაურებოდა უცხოეთში გამოსულ ქართველოლოგიურ ნაშრომებს და უძღვნიდა ვრცელ რეცენზიებს.

სიცოცხლის ბოლო წლებში იარომირ იედლიჩკა მუშაობდა კორნელი კეკელიძის „ქართული ლიტერატურის ისტორიის“ მეორე ტომის თარგმანზე, რომელიც გერმანულად უნდა გამოსულიყო იულიუს ასფალგის თანაავტორობით. ჩეხ ქართველოლოგს არ დასცალდა დაწყებული საქმის დასრულება და 1965 წელს გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]