თირის მონასტერი
თირის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით 8 კმ-ზე, ისტორიულ შიდა ქართლში. კომპლექსის შენობათაგან ყველაზე ადრინდელია XIII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის ეკლესია. თავდაპირველად გეგმით სწორკუთხა დარბაზული ტიპის ნაგებობა ყოფილა, სწორკუთხედშივე მოქცეული საკურთხეველის აფსიდით, რომელსაც ნავისაგან ეკლესიის თანადროული კანკელი გამოყოფდა (კანკელმა ჩვენამდე პირველანდელი სახით ვერ მოაღწია, იგი ხელმეორედ უსისტემოდ არის აწყობილი ძველი ფრაგმენტებისაგან), საკურთხეველში შემორჩენილია XIV–XV საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. XV საუკუნის 20-იან წლებში ეკლესიას მიაშენეს კარიბჭე (ახლა დანგრეულია) და ეგეტერი. წარწერის მიხედვით, ჩრდილოეთ მინაშენი XV საუკუნის 80-იანი წლებისაა, ფასადები მდიდრულად არის გაფორმებული. აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადები დაგვირგვინებულია პროფილირებული, თავიდან ბოლომდე მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ასევე უხვად არის მოჩუქურთმებული კარ-სარკმელთა საპირეებიც. ეკლესიისავე თანადროულია სატრაპეზო, „საიკონომოსო“ (ნედლეულის საწყობი), კლდეში ნაკვეთი სენაკები, კოშკი და გალავნის ნაწილი. სამრეკლო XIV საუკუნის ბოლო მეოთხედს მიეკუთვნება. 1682 წელს ეკლესიას ჩრდილო-აღმოსავლეთით საძვალე მიაშენეს.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდღულაძე ნ., თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976
- ანდღულაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 683.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-15.