თინათინ გურჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თინათინ გურჩიანი (დ. 1973, თბილისი)  — ქართველი რეჟისორი.

2010 წელს დაამთავრა პოტსდამ-ბაბელსბერგის (გერმანია) კინოსა და ტელევიზიის უმაღლესი კინოსკოლის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. დოკუმენტური კინოთი სტუდენტობის დროს დაინტერესდა. მისი სადიპლომო ფილმი „სხვაგან“ გერმანიის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე იყო წარდგენილი. 2012 წელს სადებიუტო ნამუშევარი კინოში „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ (2012) ნაჩვენები იქნა მსოფლიოს 120 ქვეყანაში და მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის 2013 წლის სანდენსის კინოფესტივალის ჯილდო. პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, გოეთეს ინსტიტუტისა და ბოშის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. ფილმის გადაღება 2011 წლის შემოდგომაზე, 20 დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

თიინათინ გურჩიანი პირველი ქართველი რეჟისორი გახდა, რომელიც 2012 წლის ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მოხვდა. იგი კინოში დასთან ერთად, თამუნა გურჩიანთან ერთად მოღვაწეობს, რომელიც მისი ფილმების პროდიუსერია. 2015 წელს მათი ერთობლივი პროექტი „სატრფიალო პასტორალი“ ამსტერდამის ფესტივალის ფონდმა IDFA Bertha Fund დააფინანსა. 2015 წელს „სატრფიალო პასტორალი" საფრანგეთის ქალაქ ნიონში გამართული საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

2020 წელს თინათინ გურჩიანმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელისთვის შექმნა ფსიქოლოგიური დრამატული ტელესერიალი „სეანსი“, რომელიც HBO-ს ამერიკული ტელესერიალის, „In Treatment“-ის ქართული ანალოგია. სიუჟეტი ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზეა აგებული. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება ეს ის პრობლემებია, რომლებიც სერიალის გმირებს აწუხებთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]