თინათინ გონიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თინათინ გონიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1913, თბილისი — გ. 1990) — ქართველი ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ენათმეცნიერების განხრით.

1932-1933 წლებში მუშაობდა კორექტორად, შემდეგ სტილისტად გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. 1933 წელს ჩაირიცხა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის კავკასიათმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტად თბილისში. 1936 წელს ლენინგრადში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში გაიარა ასპირანტურის ერთწლიანი კურსი. მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერებისა და კავკასიურ ენათა საკითხებზე. მეცნიერ-მუშაკთა სრულიად საკავშირო კონკურსზე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის-ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის წარდგენის თანახმად თინათინ გონიაშვილის ნაშრომს, „ადიშის ოთხთავის დიალექტიზმებისათვის“ უმაღლესი შეფასება მისცეს და ავტორს სრულიად საკავშირო მეორე პრემია გადაეცა. ნაშრომი მოთავსებულია ნის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე 1938.

თბილისში დაბრუნების შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში. 1938 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1938 წელს ენიმკის სამეცნიერო საბჭომ თინათინ გონიაშვილი აირჩია უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ამავე წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ იგი კავკასიურ ენათა კათედრის დოცენტად დაამტკიცა.

1939-1942 წლებში კითხულობდა ჩეჩნური ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების შესავლის კურსებს. იგი გაათავისუფლეს ვადამდე, 1957 წელს მიიღო რეაბილიტაცია. 1946 წლის სექტემბრიდან კვლავ დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე აღდგენილ იქნა ნიკო მარის სახელობის ენიმკში, ხოლო შემდეგ გარდაცვალების უკანასკნელ დღემდე მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. იყო ამ ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დარგის ტერმინოლოგიათა დამუშავებაში და იყო ამ ტერმინოლოგიათა განსახილველი სარედაქციო კომისიების მუდმივი წევრი. კერძოდ, 1957, 1960, 1977, 1982 წლებში მას მონაწილეობა აქვს მიღებული გამოქვეყნებული ტექნიკური ტერმინოლოგიების, მეტალურგიის, ფიზიკის, ქიმიის, ელექტროწევის, სატყეო-ტექნიკური, სტატისტიკისა და აღრიცხვის, გეოგრაფიის, ჰიდროტექნიკის, რადიოელექტრონიკის, სამრეწველო საწარმოს ორგანიზაციისა და დაგეგმვის, მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მართვის ავტომატიზებული სისტემების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის, ავტოტრანსპორტის, გეოფიზიკისა და სხვა ტერმინოლოგიების დამუშავებაში. 1959 წელს გამოცემული სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგიური ლექსიკონის ერთ-ერთი რედაქტორია. მანვე რედაქცია გაუწია სამსონ აბაშიძისა და ლეილა აბაშიძის მიერ გამოცემულ სამედიცინო განმარტებით ლექსიკონს. თინათინ გონიაშვილი არის 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტერმინოლოგიის გარდა, იგი სწავლობდა და იკვლევდა ჩეჩნურ-ინგუშურ ენებს, რომლებსაც ეძღვნება მისი შრომების დიდი ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი თბ., 2018 გვ. 687

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]