თიამინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიტამინი B1(თიამინი) - მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლაში, ამყარებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მეხსიერებას და საჭმლის მონელებას. იგი აუცილებელია იმ ორგანოების ნორმალური ცხოველქმედებისთვის, სადაც უჯრედის სუნთქვა ინტენსიურად მიმდინარეობს. თიამინი ფერმენტ პირუვატდეკარბოქსილაზას კოფაქტორია. ეს ფერმენტი უჯრედული მეტაბოლიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეაქციას აკატალიზებს.

თიამინი

თიამინს შეიცავს - კვერცხის გული, ღვიძლი, საფუარი, ხორბლისა და ბრინჯის ჩანასახი, პარკოსან მცენარეთა თესლი, წიწიბურა, ფრინველი, ბოსტნეული.

ბერი-ბერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წელს ჰოლანდიელი ექიმი ეიკმანი კუნძულ იავაზე საშინელ დაავადებას აკვირდებოდა. ავადმყოფები ვერ დადიოდნენ, ფეხები თითქოს ჯაჭვებით ჰქონდათ შებორკილი, რის გამოც ამ დაავადებას ბერი-ბერის (ბორკილები) ეძახდნენ. ეს დაავადება ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა. დაავადების მიზეზის გარკვევაში ეიკმანს დაეხმარა ქათმებზე დაკვირვება. მან შეამჩნია, რომ გალიაში მსხდომ ქათმებს, რომლებსაც კანგაცლილი ბრინჯით კვებავდნენ, აღენიშნებოდათ ბერი-ბერისთვის დამახასიათებელი ნიშნები. მათი უმრავლესობა იღუპებოდა. ის ქათმები კი, თავისუფლად რომ სეირნობდნენ ეზოში, ჯანმრთელები იყვნენ, რადგან მრავალფეროვან საკვებს პოულობდნენ. რა იყო ბრინჯის კანში, ეიკმანმა ვერ დაადგინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ დაავადების მიზეზი თიამინის ნაკლებობა იყო.

ბერი-ბერის ნიშნებია: ნახშირწყლების ცვლის დარვევა, კრუნჩხვები, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, მადის დაკრგვა. ხანგრძლივი უკმარისობის დროს ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და პერიფერიული ნერვები, კუნთები განილევა და სუსტდება, რასაც მოსდევს დამბლა. დაავადებულებს უჭირთ სიარული, უვითარდებათ გულის უკმარისობა, სუნთქვითი პრობლემები.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი, გამომცემლობა „ტრიასი“, „ბიოლოგია X კლასი“; ლამარა ბურდილაძე, ნანა სიხარულიძე, ქეთევან მაღრაძე, დოდო ბარამიძე, გამომცემლობა „დიოგენე“ (2018), „ბიოლოგია აბიტურიენტებისთის“.