თესლოვანი გვიმრები
თესლოვანი გვიმრები (ლათ. Lyginopteridopsida) — გადაშენებული უმაღლეს მცენარეთა კლასი. გარეგნულად ემსგავსებოდნენ თანამედროვე ხისებრ გვიმრებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ღეროში ჰქონდათ მეორეული ქსილემა, ტრაქეიდებში — წერტილოვანი ფორები, ქერქში — მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მექანიკური ბოჭკოების ბადისებრი სისტემა.
მათი დიდი ფოთლები გვიმრის ფოთლებს წააგავდა, მაგრამ ეპიდერმისის, ბაგეებისა და ფოთლის ყუნწებია ანატომიური აგებულებით მათგან განსხვავდებოდა. ფოთლებზე განლაგებული ჰქონდათ სხვადასხვა აგებულების თესლი. თესლოვანი გვიმრები ქარითმტვერია მცენარეები იყო. მათ თავდაპირველად ნამარხ გვიმრებს აკუთვნებდნენ.
1905 ინგლისელმა ბოტანიკოსებმა ფრენსის ოლივერმა და დიუკინფილდ სკოტმა დაადგინეს, რომ თესლოვანი გვიმრებში გაერთიანებულია გვიმრებისა და შიშველთესლოვნების ნიშნები. თესლოვანი გვიმრების ძირითადი ოჯახებია Lyginopteridaceae და Medullsaceae, მათ აკუთვნებენ აგრეთვე კეიტონიალეებს. თესლოვანი გვიმრები ყველაზე მეტად გავრცელებული იყვნენ კარბონულ პერიოდში და მოაღწიეს ქვედა ცარცულამდე. ზოგი ბოტანიკოსი და პალეობოტანიკოსი ნამარხი მცენარეების ამ ჯგუფს პტერიდოსპერმებს უწოდებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 669.