თერეგვანის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თერეგვანის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ თერეგვანში, სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, მდინარე ოჟორას მარცხენა ნაპირი ძველ სასაფლაოზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით 2 კმ-ზე, მდ. ოჟორას მარცხენა ნაპირზე მდებარე დარბაზული ეკლესია ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. კუთხეებში გამოყენებულია ნაცრისფერი შირიმის ქვა, ხოლო მარკანტული ნაწილებისათვის გამოყენებულია ნაცრისფერი, კარგად თლილი ქვა.

ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით, ასევე შეისრულთაღიანი და სწორკუთხა ნიშებია. სამხრეთით ორი სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლების აღმოსავლეთ, ზედა მონაკვეთში სამალავებია. მათში განათება თითო სწორკუთხა სარკმლით ხდება. სფერული კონქის მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილია შემორჩენილი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობოდა. ინტერიერში პილასტრი ჩრდილოეთ კედელს ორ თანაბარ მონაკვეთად ჰყოფს. კამარის საბრჯენი თაღი იმპოსტებს ეყრდნობოდა, რომელიც თავის მხრივ პილასტრზეა დაბჯენილი. პილასტრს ეყრდნობა კედლის თაღებიც. ერთ-ერთი თაღის მალში მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი.

ეკლესია დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა; შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი და დასავლეთი კედლის ფრაგმენტები. ჩრდილოეთი კედლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004