თეოდოტე კვირინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეოდოტე კვირინელი (გ. 326) - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მარტი, ახალი სტილით - 15 მარტი. წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიცინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ წმიდანმა გაიგო, თვითონ გამოცხადდა მასთან და უთხრა:

ვიკიციტატა
„„მე ვარ ის, ვისაც ეძებ, მოვედი, რათა ვაღიარო ქრისტე ღმერთი”.“

მთავრის ბრძანებით თეოდოტე უმოწყალოდ სცემეს, ხეზე მიაბეს, ბასრი დანებით დასერეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. ხუთი დღის შემდეგ მოწამე ისევ მიჰგვარეს საბინს, რომელმაც კვლავ სარწმუნოების გამოცვლა მოითხოვა მისგან. თეოდოტეს ქრისტეს ქადაგება არ შეუწყვეტია. ჯალათებმა წმიდანი რკინის მესრებზე დააწვინეს და ცეცხლი შეუნთეს, შემდეგ ფეხებზე ლურსმნები გაურჭვეს და სიარული აიძულეს. წმიდა თეოდოტეს წამების მოწმენი, მისი მოთმინებითა და ღვთივსულიერი სიტყვებით აღფრთოვანებულნი, აღიარებდნენ ქრისტეს. როდესაც ეს საბინმა გაიგო, წამების შეწყვეტა ბრძანა, წმიდანი კი დაატუსაღა.

მალე, წმინდა კონსტანტინე დიდის (ხს. 4 ივნისს) ბრძანებით, თავისუფლება მიენიჭა ყველა პყრობილ ქრისტიანს. სხვებთან ერთად განთავისუფლდა წმიდა თეოდოტეც. წმიდანი კირინში დაბრუნდა, სადაც ორი წელი იმსახურა ეპისკოპოსად, შემდეგ კი 326 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 226