თბილისის სურფსარქისის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სურბ სარქისის ეკლესია

სურბ სარქისის ეკლესია — სომხური ეკლესია, რომელიც იდგა მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის ძველ უბან — აბანოთუბანში. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იყო. ამჟამად დანგრეული და განადგურებულია.

სურბ სარქისის ეკლესია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში მდებარეობდა. შაჰაბასის და შახსეფის შემოსევების დროს ქალაქის ეს ნაწილი მთლიანად გავერანდა, მოსახლეობისაგან დაცარიელდა და იგი დროთა განმავლობაში გარეუბნად გადაიქცა. XVIII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე სომხური მოსახლეობა იწყებს ჩამოსახლებას. ეგნატე იოსელიანი 1837 წლით და თარიღებულ კატალოგში — „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ წერს: „აბანოების ხიდს გადაღმა, დიდის შარაგზის აღმართის ასავალის დასრულებაზედ, არის სხვა და სხვა შენობა და სადგომები და მათშორის ეკკლესია წმინდისა სარგისისა. ეკლესია ესე არს აღშენებული ტფილისის მეშვიდედ მუხლად აღწერილისა ახალშენისა ნორაშენის ეკკლესიის დეკანოზის ტერ-სუქიაზისაგან წელსა 1737. ამასავე ეკკლესიას შინა არის ნაწილი წმინდისა სარგისისა სასწაულმოქმედი, და დღესასწაულობენ დღესა ამა წმინდანისასა მეზვერისა და ფარისევლის გვარის შაბათსა დღესა, და მივლენ მას შინა ფრიადი სიმრავლე ერისა და უმეტეს დედათა სიმრავლე“.

სურფსარქისის ტაძრის ოთახის ფრაგმენტი

ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე ორენოვანი — ქართული და სომხური წარწერაა:

ვიკიციტატა
„აღვაშენე და შევწირე ოთახი ესე წმინდისა სურბ სარქისის ეკლესიისათვის თელავის მოქალაქე გრ. არუთნიას ძე ოსკანოვა მოსახსენებელათ სულისა და მშობლებისა ჩემისა.“

სომხურ წარწერაში თარიღია — 1883 წელი.

1936 წლის 23 მაისს სურბ სარქისის ეკლეისიიდან, 20-25 მეტრის მოშორებით ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი, რომლის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა. თბილისის ცენტრალურ არქივში დაცულ მასალებში გრიფით „საიდუმლო“ 1936 წლის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველოს უფროსის სულთანიშვილის მიერმიწერილ წერილში (მიწერა თბილისის საბჭოს თავმჯდომარეს) ვკითხულობთ: „დიდი საყრდენი კედლის ჩამოშლის შედეგად, რომელიც სურბსარქისის ეკლესიას ებჯინება, მრევლში გაჩნდა აზრი, რომ თავისუფალ მეეკლესიეთა სომხური საძმოს გამგებლობაში არსებულ ამ ეკლესიას მისი სიძველის გამო, დანგრევის საფრთხე შეექმნა. ეს ვითარება შეიძლება კარგად გამოვიყენოთ სურბ სარქისის ეკლესიის უმტკივნეულო დახურვისათვის, რომელიც როგორც სომეხი, ისე სხვა ეროვნების მორწმუნეთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა გარემოებებში აღნიშნული ეკლესიის დახურვის საკითხმა შესაძლოა უკმაყოფილება გამოიწვიოს მორწმუნეთა შორის, აუცილებლად მიგვაჩნია გამოვიყენოთ უკვე ყველა მორწმუნესათვის ცნობილი, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, კედლის ჩამოშლის შემთხვევა… დაიხუროს სურბ სარქისის ეკლესია მისი შემდგომი აღებით.“ (ფ1. ან4 ს.214.1936წ).

თბილისის საბჭოს გადაწყვეტილებით „საჭირო იქნას ცნობილი სუფსარქისის ეკლესიის შენობის აღება მისი დეფორმაციისა და იმის გამო, რომ ეს შენობა ემუქრება დანგრევით ირგვლივ მდებარე სახლებს, რადგანაც მისი დაბლა ნიადაგიცურ დება და ადგილი ჰქონდა ჩამონგრევის შემთხვევებს“. (ფ1. ან1. საქ1378.1936წ.).

დღეს ეკლესიის რამდენიმე კედელია შემორჩენილი, რომლებზეც გვიანი ხანის საცხოვრებელი ოთახია და შენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ნაწ. I, 2000.