თბილისის თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის თანდოიანცის ღვთისმშობლის ეკლესია — სომხური ეკლესია, მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირის №38-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანდოიანცის ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ის, სავარაუდოდ, აშენებულია XIX საუკუნის I ნახევარში, როდესაც სოფელ კუკიაში ჩამოსახლებულმა სომხურმა მოსახლეობამ იმატა.

პ. მურადიანის ცნობით, ეკლესიის აშენების თარიღად XIX საუკუნის I ნახევარია დასახელებული, ხოლო აღმშენებლად – „ერევნელი პაპენ და იაკობ კოჩაროვები“. პ. მურადიანი ამ ეკლესიას სურბ გევორქად მოიხსენიებს. სხვა სომხური წყაროების მიხედვით კი, ეს ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა და იგი სომეხი მოქალაქის თანდოევის მიერაა აშენებული.

საბჭოთა პერიოდში ეს ეკლესიაც ვერ გადაურჩა დახურვას. საინტერესო მასალები იქნა მოძიებული თბილისის ცენტრალურ არქივში. თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის 1924 წლის განკარგულებით „…პლეხანოვის პრ. №38–ში მოთავსებულ, ტფილისის სომხის მხვთისმშობლის ტანდოევის რელიგიურ საზოგადოების ლიკვიდაციის მოსახდენათ, შემდგარი სალიკვიდაციო კომისია, შემადგენლობით: თავმჯდომარედ – ტფილისის აღმასკომის სამეურნეო ქ/განყოფილების გამგის ი. გვარამაძის და წევრებათ აღმასკომის საკონტროლო განყოფილების რევიზორ გ. ლაბაძის და რელიგიურ საზოგადოების წარმომადგენლების საბჭოს წევრები მღვდლები: 1. ჯუგინიანც არუთინ, 2. საკიან სააკი.“

ამ დოკუმენტის დანართში ჩამოთვლილია ნივთები, რომლებიც კომისიამ ჩაიბარა: „ჭაღები ხრუსტალისა – 5ცალი; უბრალო კიბე დიდი – 1 ცალი და რკინის მოაჯირი – 2 ცალი“. ამავე დოკუმენტით 1924 წლის 12 აგვისტოს ეკლესიის „შენობა ჩაიბარა“ ტფილისის აღმასკომის სამნეო ქ/განყოფილებამ.

ამის შემდეგ შენობა გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებით. მასში ხან კინოთეატრი იყო, ხან მეეზოვეთა კლუბი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 328-329