თაღიევის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაღიევის თეატრის ფასადი

თაღიევის თეატრი (აზერ. Tağıyevin teatrı) — პირველი თეატრი ქალაქ ბაქოში. აშენდა 1883 წელს აზერბაიჯანელი ქველმოქმედის ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის ხარჯზე. ამ თეატრის სცენაზე იდგმებოდა როგორც ნაციონალური პიესები და ოპერები, ასევე მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები. 1908 წლის იანვარში სწორედ ამ თეატრში შედგა უზეირ ჰაჯიბეკოვის პირველი აზერბაიჯანული ნაციონალური ოპერის „ლეილი და მაჯნუნის“ პრემიერა.

თეატრის შენობა 1992 წელს დაანგრიეს, მოგვიანებით კი მის ადგილას აზერბაიჯანის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის შენობა აშენდა.

თეატრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1882 წელს ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევმა ბაქოს ქალაქის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინა თეატრის შენობის პროექტი, რომელიც აშენდა საკუთარ ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა ბაქოს ცენტრში[1]. თეატრის შენობა აშენდა 1883 წელს[2]. 1911 წლამდე თაღიევის თეატრი ერთადერთი თეატრალური შენობა იყო ქალაქში[2]. თეატრის შენობის არქიტექტორი იყო ხრისანფ ვასილიევი, რომლის პროექტის მიხედვით ბაქოში ასევე აშენდა სამგზავრო სადგურის შენობაც [3].

1899 წლის 8 დეკემბერს თეატრში ხანძარი გაჩნდა[4]. შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდა სამოქალაქო ინჟინრის პაველ კოგნოვიცკის პროექტის საფუძველზე. 1900 წელს აღადგინეს თაღიევის თეატრის შენობა. თეატრის შენობაში ასევე იყო თაღიევის ოფისი, რომელიც ხანძრის შემდგომ სხვა შენობაში გადაიტანეს[4].

1908 წლის 12 (25) იანვარს თაღიევის თეატრში შედგა უზეირ ჰაჯიბეკოვის პირველი აზერბაიჯანული ნაციონალური ოპერის „ლეილი და მაჯნუნის“ პრემიერა[2].

1909 წლის დასაწყისში თაღიევის თეატრის შენობა კიდევ ერთი ხანძრის შედეგად დაიწვა, რამაც აზერბაიჯანული დასის მდგომარეობა დაამძიმა[4]. 1909 წლის 21 თებერვალს თეატრში მდებარე სადალაქოს ცეცხლი გაუჩნდა. მალე ცეცხლი თეატრის მთელს შენობას მოედო. ეს იყო ყველაზე დიდი ხანძარი თეატრის ისტორიაში[5]. 1910 წლის 1 ოქტომბერს თეატრი კვლავ გაიხსნა მაყურებლისთვის.

1918 წლის 1 თებერვალს ხანძრის შედეგად თეატრის შენობა კვლავ დაიწვა[5].

1921 წლის მარტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თეატრის შენობის აღდგენასთან დაკავშირებით[6]. ამ დროისთვის თეატრის მხოლოდ ფასადები იყო შემორჩენილი. 1922 წელს თეატრის შენობა გარემონტდა[5].

თაღიევის თეატრმა აზერბაიჯანული თეატრის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა. იმ წლებში, როდესაც თაღიევმა თეატრალური საქმის განვითარება დაიწყო, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობდა თეატრალური სკოლა და არც პროფესიონალი კადრი. პირველი სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზე ბაქოში თეატრის აშენებამდე მხოლოდ ათი წლით ადრე აჩვენეს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Фатуллаев-Фигаров Ш. С. Бакинские архитекторы: конец XIX — начало XX веков. — Б.: Шарг-Гарб, 2013. — С. 230.
  2. 2.0 2.1 2.2 Сарабский А. Г. Возникновение и развитие азербайджанского музыкального театра (до 1917 г.). — Б.: Издательство АН Азербайджанской ССР, 1968.
  3. Фатуллаев Ш. Архитектура Баку на рубеже XIX—XX вв. // Известия Академии наук Азербайджанской ССР.. — Б., 1961. — С. 136.
  4. 4.0 4.1 4.2 Керимов И. С.  (азерб.)рус.. Становление и развитие азербайджанского театра: Конец XIX — начала XX в.. — Б.: Элм, 1991. — 292 с. — ISBN 5-8066-0219-2.
  5. 5.0 5.1 5.2 История театра Тагиева в Баку (ФОТО)
  6. Джафаров Д. А. Театр народов Закавказья // Азербайджанский театр / Под ред. А. Анастасьева.. — История советского драматического театра: Наука, 1966. — Т. II. — С. 256.