თამაზ ყაითმაზაშვილის სასახლის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ ყაითმაზაშვილის სასახლის კომპლექსიარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახალაჯვარში ისტორიული ჭრეშის ნასოფლართან. კომპლექსი შედგება: კოშკის, სასახლის და 1655 წელს აგებული კარის ეკლესიისგან. კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე, შიგნიდან და გარედან ნაწილობრივ შებათქაშებულია და ხუთსართულიანია. კედლებში თითოეულ სართულზე თანაბრადაა გადანაწილებული ცალმაგი და ორმაგი სათოფურები. ბოლოს მეხუთე სართული ისევე უნდა დასრულებულიყო, როგორც მისგან 700 მეტრში მდგარი აზნაურის სასახლის კოშკი, თაღნარით ნაწილობრივ გახსნილი და გადახურული საბრძოლო ბანი. კოშკზე სამხრეთიდან მიდგმულია სასახლე, რომელსაც კოშკი სამხრეთის თაღოვანი გასასვლელით იყო დაკავშირებული. სასახლე არაა დიდი ზომის და ამჟამად შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით იგი ერთსართულიანი უნდა ყოფილიყო. მას წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს. კოშკი-სასახლისგან სამხრეთით 20 მეტრზე დგას. ღერძზე წაგრძელებული დაბრაზული ნაგებობის ნაშთი, რომლის კედლების შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე 50 სანტიმეტრია. კოშკი-სასახლიდან 50 მეტრში დგას მოზრდილი დარბაზული ეკლესია. საამშენებლო სომხური წარწერით ის 1655 წელსაა აშენებული: „წელსა 1104 (1655) მე თამაზამ ავაშენე აგრეთვე ეს წმინდა ეკლესია ჩემი და ჩემი მშობლების სულის ხსნისათვის. ჩემი მეუღლე დარეჯანი მამაჩემი პარონ ღაითმაზი, დედაჩემი თეთო შვილები ნარიმანი. . .“. ეკლესია ნაგებია ნამტვრევი ქვით, კარ-სარკმლის საპირეები, კუთხეები და თაღები სუფთად ნათალი ყვითელი ტუფითაა გამოყვანილი. ეკლესიის ფართო კარი დასავლეთ, სამი სარკმელი კი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი. მაღალი და განიერი ეკლესიის ღრმა ნახევარწრიულ აფსიდს შემაღლებული არდაბაგი აქვს. აფსიდში ორი თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ კედელში საკურთხევლის პირას მაღალი სანათლავი ნიშია მოწყობილი. ქვის ემბაზი კი, რომელსაც ოთხყურა ავზი და კუთხეებში ჩაკვეთილი ჯვრები აქვს, ეკლესიის დასავლეთ ფასადთან დევს. სატრიუმფო და კამარის მზიდი შეკიდული თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და მარტივად პროფილირებულ კონსოლებს ეყრდნობა. ეკლესიის ფასადები სადადაა დეკორირებული. კარის სწორკუთხა ღიობს დიდი ზომის არქიტრავის ქვა ადევს, რომელზეც წყვილი ლილვით მოხაზული გადანაკეცებიანი დეკორატიული თაღია ამოკვეთილი, თაღის შუაში ბოლოებგაგანიერებული ჯვარია გამოსახული. კარის მარცხნივ (სამხრეთით), სწორკუთხა ქვაზე რვასტრიქონიანი სომხური ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. დასავლეთ კედლის სარკმლის საპირე, რომელიც ერთიან ქვაშია გაჭრილი, დასავლეთი ფასადის ძირასაა ჩამოვარდნილი. სარკმლის ჭრილი სადა ლილვითაა მოჩარჩოებული, ხოლო სარკმლის თაღი მკვეთრად წაისრული ფორმისაა. აღმოსავლეთი კედლის სარკმელიც წაისრული ფორმისაა და სადა წყვილი ლილვითაა მოხაზული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38168