ვიქტორ გელოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ გელოვანი
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1944
ნიკოლაევი
საქმიანობა მათემატიკოსი

ვიქტორ გელოვანი ( დ. 8 ოქტომბერი, 1944, ნიკოლაევი) — ქართველი მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორ გელოვანი საბჭოთა კავშირის საინჟინრო ჯარების მარშალ არჩილ გელოვანის ვაჟია. დედა — ცნობილი ქირურგი ქეთევან ალხაზიშვილი. 1961 წელს ვიქტორ გელოვანმა დაამთავრა სევასტოპოლის პირველი საშუალო სკოლა; 1967 წელს — მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის აეროფიზიკისა და კოსმიურ გამოკვლევათა ფაკულტეტი; 1967–1974 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კოსმოსური საფრენი აპარატის ნავიგაცია და მართვა“ და გახდა ფიზიკო-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1974 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტში, სადაც კურირებდა მოდელირებისა და რეგიონალური განვითარების სფეროებს. 1975 წლიდან მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. მისი განყოფილება იკვლევდა მანქანური მოდელირების რთულ სისტემებს. 1980 წელს ვიქტორ გელოვანი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა. მისი სადოქტორო თემა გახლდათ: „ქვეყანასა და რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური ობიექტების განვითარების ანალიზი“. 1985 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგში.

1987–1997 წლებში ვიქტორ გელოვანი იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მუშაობდა სისტემური ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების ურთულეს ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. 1997 წელს გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის კომიტეტს, იყო ინტელექტუალური რესურსების საერთაშორისო ფონდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და საერთაშორისო კვლევითი ცენტრების აღმასკომის წევრი. აგრეთვე, რუსეთის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში. 2002 წლის 20 ივნისიდან ვიქტორ გელოვანი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი. 2003 წლის 29 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ვიქტორ გელოვანის კვლევების დიდი ნაწილი მსოფლიოში სტაბილურობას, კერძოდ კი, ბირთვული განიარაღების საკითხებს ეძღვნება. ის აქტიურად მუშაობს სტაბილურობის, პარიტეტულობისა და დინამიკის თემებზე. რუსეთის ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი მისი ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის სფეროში. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი. რაც შეეხება თანამედროვე აღმოჩენებს, აკადემიკოსი აცხადებს, რომ მან, რამდენიმე მეცნიერთან ერთად ლაზერის ისეთი მოდელი შექმნა, რომლის სიმძლავრე მსოფლიოში არსებულ ლაზერებისას რამდენჯერმა აღემატება. ვიქტორ გელოვანის მეუღლეა ექიმი-კარდიოლოგი ნანა ანჯაფარიძე. მათი ვაჟი, არჩილი — კინოპროდიუსერია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I. თბ., 1997. გვ. 582
  • ბახტაძე, დავით. ქართველი მილიონერი აკადემიკოსი ვიქტორ გელოვანი სუპერსაიდუმლო თემებზე მუშაობდა // თბილისელები. თბ., 2009. გვ. 25

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]