ვიტვატერსრანდის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტვატერსრანდი. ოქროს ნაგლეჯი

ვიტვატერსრანდი (აფრიკაანსი – Witwatersrand, „თეთრი წყლის ქედი“) — მსოფლიოში უდიდესი ოქროსა და ურანის აუზი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გაუქმებულ ტრანსვაალის პროვინციაში, მაღალი ველდის პლატოზე. ქალაქ იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთით. საბადო აღმოჩენილია 1884 წელს. ვიტვატერსრანდში იღებენ მსოფლიოში მოპოვებული ოქროს 25-50 %-ს. ოქროს მოპოვება ხდება მსოფლიოში ყველაზე ღრმა შახტიდან — ტაუ-ტონადან, რომლის სიღრმე დაახლოებით 4,5 კმ-ს აღწევს. გამომუშავებისას ტემპერატურა 50-52 °C-ია. ურანის სამრეწველო მოპოვება დაიწყო 1952 წლიდან. 1980 წლისათვის საბადოში მოიპოვეს 36 000 ტ ოქრო. 1970 წელს მოიპოვეს სარეკორდო 1000,4 ტ ოქრო. მადნიანი ფართობი ვრცელდება 350 კმ-ზე, სიგანე 200 კმ-ია. ვიტვატერსრანდის ოქროს მარაგი შეფასებულია ათი ათას ტონობით. ოქროიანი წყება შედგება კონგლომერატებით, ფიქლებით, ქვიშაქვებით, პორფირების, ანდეზიტების ჰორიზონტებითა და მათი ტუფებით. მადნიანი სხეულის შემადგენლობაშია 70-ზე მეტი მინერალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]