ვიეტნამის სამამულო ფრონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვიეტნამის სამამულო ფრონტი

ვიეტნამის სამამულო ფრონტი
ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
ლიდერი ნგუენ თიენ ნიანი
დაფუძნდა 10 სექტემბერი 1955
mattran.org.vn

ვიეტნამის სამამულო ფრონტი (ვიეტ. Mặt Trận Tổ Quốc Việt Nam) — საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში. შეიქმნა 1955 წლის 10 სექტემბერს ვიეტნამის ერთიანი ეროვნული ფრონტის ორგანიზაციის ლიენვიეტის ბაზაზე. მიზნად ისახავდა ერის ფართო ფენების შემჭიდროებას ჟენევის შეთანხმების (1954) განხორციელებისათვის ბრძოლაში და ვიეტნამის გაერთიანებას.

ვიეტნამის სამამულო ფრონტში შედის ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ფრონტის ხელმძღვანელი ძალაა ვიეტნამის კომუნისტური პარტია. ვიეტნამის სამამულო ფრონტში დაშვებულია როგორც კოლექტიური, ისე ინდივიდუალური წევრობა. ვიეტნამის სამამულო ფრონტის პირველი (დამფუძნებელი) ყრილობა შედგა 1955 წლის 5-10 სექტემბერს ქალაქ ჰანოიში. ყრილობამ აირჩია ცენტრალური ორგანოები, მიიღო ვიეტნამის სამამულო ფრონტის პროგრამა და წესდება.[1]

ვიეტნამის სამამულო ფრონტის პროგრამა განსაზღვრავდა ბრძოლის ძირითად მიმართულებას „მშვიდობიანი, ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და აყვავებული ვიეტნამისათვის“ ჟენევის შეთანხმების საფუძველზე, ითვალისწინებდა ნორმალურ ეკონომიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ურთიერთობათა აღდგენას, ზონებს შორის (ჩრდილოეთი და სამხრეთ ვიეტნამი) თავისუფალ მიმოსვლას, ეროვნული კრების საყოველთაო არჩევნების ჩატარებას (რომელიც შექმნიდა ცენტრალურ კოალიციურ მთავრობას), ქვეყნის თანდათანობით გაერთიანებას. ვიეტნამის სამამულო ფრონტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სოციალისტურ გარდაქმნათა წარმატებით განხორციელებაში. 1961 წლის აპრილში შედგა ვიეტნამის სამამულო ფრონტის II ყრილობა, რომელმაც მიიღო ვიეტნამის სამამულო ფრონტის ახალი წესდება.[1]

1964-65 წლებში ვიეტნამი-აშშ ურთიერთობის გამძაფრების დროს ვიეტნამის სამამულო ფრონტმა მოუწოდა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკის ხალხს სოციალისტური სამშობლოს დასაცავად სამხრეთ ვიეტნამში და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდასაჭერად. 1971 წლის დეკემბერში ვიეტნამის სამამულო ფრონტის III ყრილობამ განიხილა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოციალისტური მშენებლობისა და აშშ-სთან დაპირისპირების გადაწყვეტა. ყრილობამ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობის ბრძოლას, სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნულ ფრონტს (შეიქმნა 1960 წელს), სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის დროებით რევოლუციურ მთავრობას (შეიქმნა 1969 წელს), სამხრეთ ვიეტნამის ეროვნულ-დემოკრატიულ და მშივიდობისმოყვარე ძალთა კავშირს (შეიქმნა 1968 წელს).[1]

ვიეტნამის ომის შეწყვეტისა და მშვიდობის აღდგენის შესახე პარიზის შეთანხმების (1973) ხელმოწერის შემდეგ ვიეტნამის სამამულო ფრონტი იბრძოდა ამ შეთანხმების მტკიცედ შესრულების, ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისათვის. 1975 წელს ქვეყნის სამხრეთში საიგონის რეჟიმის დამხობისა და ეროვნულ-დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ვიეტნამის სამამულო ფრონტის ყრილობამ (1977 წლის იანვარ-თებერვალი) მიიღო ახალი პოლიტიკური პროგრამა და წესდება, რომელიც შეესაბამება ერთიანი სოციალისტური ვიეტნამის განვითარების თანამედროვე ეტაპს. მონაწილეობდა ომისშემდგომ სახალხო მეურნეობის აღდგენასა და სოციალისტურ მშენებლობაში. ვიეტნამის სამამულო ფრონტის საპატიო თავმჯდომარე დაარსებიდან იყო ხო ში მინი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]