ვერონიკა ფრანკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონიკა ფრანკო

დაიბადა25 მარტი, 1546
ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა
გარდაიცვალა22 ივლისი, 1591 (45 წლის)
ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა
საქმიანობა პოეტი, კურტიზანი
ტიტული ღირსეული/პატივცემული კურტიზანი (ლათ. cortigiana onesta)
რელიგიური მრწამსიკათოლიკე

ვერონიკა ფრანკო (იტალ. Veronica Franco; 25 მარტი, 1546 — 22 ივლისი, 1591, ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა) — ვენეციელი კურტიზანი და აღორძინების ხანის პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერონიკა დაიბადა 1546 წელს ფრანჩესკო ფრანკოსა და მისი მეუღლის, პაოლა ფრანჩესკოს ოჯახში. აღსანიშნავია, რომ პაოლას გათხოვებამდე ღირსეული ან პატივცემული კურტიზანის ტიტული ჰქონდა (cortigiana onesta), ანუ იყო ვენეციის რესპუბლიკის წარჩინებული პირების მეგობარი და პარტნიორი[1]. ვერონიკას მამა იყო დიდვაჭარი, და თავისი გერბიც კი ჰქონდა[2]. გოგონა იზრდებოდა სამ ძმასთან ერთად[3].

შენარჩუნებული წყაროებიდან ცნობილია, რომ 18 წლის ასაკში ის გათხოვდა პაოლო პანიცაზე, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა. პირველი ქორწინებიდან ვერონიკას შვილი ეყოლა. აღსანიშნავია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ექვსი შვილი გაუჩნდა, მათგან სამი ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა[4].

1565 წელს ის ჩართული იყო „ვენეციის ყველაზე პატივცემულ და ძირითად კურტიზანთა ნუსხაში“ (იტალ. Il Catalogo di tutte le principale et più honorate cortigiane di Venezia). ის იყო პატივცემული კურტიზანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ელიტარულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამ ნუსხიდან გამომდინარე ის ცხოვრობდა დედასთან ერთად კამპო-სანტა-მარია-ფორმოზაზე.

1570-იანებში ის იყო ვენეციაში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული სალონების წევრი, მონაწილეობდა დისკუსიებში, წერდა ლექსებს, კარგად ერკვეოდა ძველ ბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში, უკრავდა სპინეტზე. მის საყვარლებს შორის იყვნენ ვენეციის ყველაზე წარჩინებული პირები, მათ შორის ჩელიო მანიო, ბერნარდო ტასო, სპერონე სპერონი, ასევე საფრანგეთისა და პოლონეთის მეფე ანრი III ვალუა[3][2].

1575 წელს ვენეციის ტერიტორიაზე შავი ჭირის ეპიდემიის გამოს ის ტოვებს ქალაქს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ვენეციის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირა ეპიდემიას, და ამბოხებული მოსახლეობა ეკლესიისგან ითხოვდა ქალაქის დაცლას გარყვნილებისგან. 1580 წლის 8 ოქტომბერს ვერონიკას წინააღმდეგ იმართება საღვთო ინკვიზიციის სასამართლო, რომელიც ადანაშაულებს მას ჯადოქრობასა და ერესის გავრცელებაში. თუმცა წყაროებიდან გამომდინარე, მან ბრწყინვალედ დაიცვა თავი, რის გამოც სასამართლომ ის გაამართლა[5].

ვერონიკა ფრანკო გარდაიცვალა უცნობი წარმოშობის ციებ-ცხელებისგან 45 წლის ასაკში, 1591 წელს ვენეციაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]